
„არ მახსოვს არაფერი – არც ხმა, არც შეხება… ვერც მომენატრები, ვერც დამაკლდები… 26-ის ხარ, ჩემზე ცოტათი დიდი… მერე უკვე ჩემზე პატარაც იქნები…”
კურიერის ახალი წამყვანი, სანდრო სანაია, სტუმრად, ია ფარულავასთან გადაცემაში „ფარული კონვერტი“ იმყოფებოდა.
„პრაიმტაიმი“ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფოორმაციო გადაცემა „კურიერის“ ახალ წამყვანს დაუკავშირდა და გადაცემის დეტალებზე და თუ რატომ არ გახსნა კონვერტი ექსკუზიურად ესაუბრა:
– არ გახსენი კონვერტი – გადაცემაში ამბობ, რომ ეს ადამიანი, (გიორგის მეგობარი) ცნობილი პიროვნებაა, ერთ კითხვაზე მიპასუხე – პოლიტიკოსია?
არ მიყვარს ყველაფრის სააშკარაოზე გამოტანა, მაგრამ ერთ ფაქტს გაგიმხელთ, პოლიტიკოსი არ არის!
– არ დაასახელე შეყვარებულის ვინაობა – ეს თემა დახურულია?
ჩემ სიტუაციაში მყოფი ცნობილი ადამიანები, ამ თემაზე ღიად საუბრობენ, მაგრამ მე, საკუთარი პრინციპები მაქვს – რაც პირადია, ჩემთვის დავიტოვო. არავითარ შემთხვევაში არ დავასახელებ. გამომდინარე იქედან, რომ არ ვარ დაოჯახებული, ყველაფერ ამის მიღმა, პირადი სივრცეა, სადაც არ მინდა ვინმე შემოიჭრას, ან ვინმეს სალაპარაკო თემა გახდეს.
ყოველთვის ვცდილობ, ყველაფერი, კარგად რაფინირებული მქონდეს, მშიდად ვიყო მეც და ჩემ გარშემო მყოფი ადამიანებიც. ვცდილობ, გავუფრთხილდე იმას, რაც ჩემია და ამ ეტაპზე, მსგავს თემებზე საუბარი, დააზიანებს ჩემ პირადს.
– საკმაოდ სერიოზული „ნახტომი“ – დილის გადაცემიდან (დილა უქმეებზე), „კურიერში“ – რა ვალდებულებებია საჭირო შენი ამჟამინდელი პროფესიისთვის – ის, რაც აქამდე არ გჭირდებოდა……
პირველი ჩემი ეთერი, საკმაოდ ემოციური იყო, კადრშიც კარგად ჩანს, რამდენი ადამიანი ესწრებოდა. ყურადღებით მაკვირდებოდნენ. პირველ რიგში თავდაჯერებულობა, უფრო მეტი სითამამე, გამბედაობა, იმ კუთხით, რომ შეგეძლოს, იმ ყველაფრის თქმა, რისი მოსმენაც მაყურებელს სურს.
როგორც ვხვდები, მაქვს ამის შესაძლებლობა და უნარები, რომელსაც შევეცდები, როგორც საზოგადოების, ასევე ჩემ სასიკეთოდ გამოვიყენო.
– „ერთი ერთში“ განმეორდა, შენი და გიორგის (სანაია) კარიერის დასაწყისი…
ასე გამოდის, მაგრამ მინდა, ჩემი ადგილი დავიმკვიდრო, რატომ უნდა მინდოდეს, ვინმეს ჩრდილში ყოფნა, თუნდაც ოჯახის წევრის. ამაზე არ ვფიქრობ, ასე მგონია, ეს ჩემზე დიდ, ზედმეტ გავლენას, წნეხს მოახდენს.

– მძიმე სიუჟეტის გაშუქება, რაც სამწუხაროდ, საინფორმაციო გადაცემაში, ხშირად მოგიწევს…
ჯერ არ მქონია, მსგავსი გამოცდილება, მაგრამ სამწუხაროდ, მომიწევს. მაქსიმალურად შევეცდები, ადეკვატური, ემოციებისგან დაცლილი რეაქციები მქონდეს.
– დედის როლი შენ ცხოვრებაში, რომელიც თითქმის ყველა მამაკაცისთვის, საკმაოდ მნიშვნელოვანია…
სამწუხაროდ, მამაკაცები ამ თემაზე, ხშირად არ საუბრობენ, მაგრამ ნამდვილად გეთანხმებით, რომ დედას, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბიჭის ცხოვრებაში და ჩემ შემთხვევაშიც, არ არის გამონაკლისი.

ის, რომ დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, დედაჩემის დამსახურებაა. სწორედ, იმ მიდგომებით და აღზრდა-განათლებით, რასაც დედა მაძლევდა, ჩამოვყალიბდი ასეთი პიროვნება. ადრეული ასაკიდან, ყოველთვის ცდილობდა დამოუკიდებელად მეცხოვრა, არჩევანიც, ჩემი გადაწყვეტილებით ყოფილიყო მიღებული – ეს იყო მთავარი პრინციპი.
– ჟურნალისტიკიდან კინოხელოვნებაში – გადაცემაში საუბრობთ, რომ სწავლის გაგრძელებას აპირებთ…
სწავლა, ყოველთვის მიყვარდა და ვცდილობ, ყოველთვის გამოვნახო დრო. აქამდე, ამის დრო, ნაკლებად მქონდა. ამ ზაფხულს ვგეგმავ, სამაგისტრო გამოცდები ჩავაბარო. ვფიქრობ, მეორე პროფესიად ხელოვნებათმცოდნეობას, ან კინოხელოვნებას ავირჩევ.
მიუხედავად იმისა, რომ ხელოვანი არ ვარ და არც ვყოფილვარ, ყოველთვის მაინტერესებდა ამ დარგის შესწავლა. შემოქმედების მხრივ, არ ვარ ამ კუთხით დაჯილდოვებული, უბრალოდ, მაქვს სურვილი ხელოვნების თეორიული შესწავლა. მინდა, საფუძვლიანი ცოდნა მივიღო. არ მაქვს პრეტენზია იმაზე, რომ რამეს შევქმნი.
– სავარაუდო პასუხი უკვე ვიცი, მაგრამ მაიც გკითხავ – ხომ არ გიფიქრია, პოლიტიკაში წასვლა?
ამ თემას არც განვიხილავ, ჯერ 25 წლის ვარ, რა დროს ჩემი პოლიტიკაში წასვლაა! მგონია, რომ ეს ნაბიჯი, აბსოლუტურად ხაზს უსვამს ყველაფერს, რაც აქამდე გიკეთებია ცხოვრებაში. ყველანაირად თავს შევიკავებ ცხოვრებაში, რომ ეგ არ გავაკეთო.
– ეპატაჟური ხარ?
ეპატაჟური? არა, საერთოდ არ ვარ. არც ჩემი ცხოვრების გარკვეულ ნაწილს წარმოადგენს. ვცდილობ, ტენდენციებს არ ავყვე, ჩემი საკუთარი ცხოვრება მქონდეს, გარემო ფაქტორებმა არ იქონიოს ჩემზე გავლენა.
– ხშირად აღნიშნავდა ია, გუშინდელ გადაცემაში (ფარული კონვერტი), შენ ქარიზმატულობას, რას გვეტყოდი საკუთარ გარეგნობაზე?
არასდროს ვვარდები თვითკმაყოფილებაში, არც ჩემ თავზე მაქვს დიდი წარმოდგენა. მირჩევნია, საკუთარი ცხოვრებით ვიცხოვრო და გარკვეული ჩემი პრინციპები მქონდეს. მგონია, რომ ეს უკეთეს ადამიანად მაქცევს. სანამ ცოლს არ მოვიყვან, ჩემი პირადი ცხოვრება, არავითარ შემთხვევაში, არ გახდება საჯარო.
– გამომდინარე იქედან, რომ მამის გარეშე გაიზარდე, გიფიქრია, როგორი მშობელი იქნებოდი?
ვერ გეტყვით, ამაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ეს ეტაპი, ჩემ ცხოვრებაში ჯერ არ დამდგარა და რომ არ მოგატყუოთ, არც ვჩქარობ.
„ფარული კონვერტი“ – სანდრო სანაია “არ ვარ დარწმუნებული, ეს ნამდვილად ჩემი მოგონებებია, თუ სხვების მიერ მოყოლილი ამბები” – სანდრო სანაია მამის შესახებ. იხ ვიდეო:
ასევე დაგაინტერესებთ ⇓
























