
მსახიობი ნინუცა მაყაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს არ მისულა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა უწყებაში მისი დაბარების შესახებ, მან „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა, რომ მისვლას და ჩვენების მიცემას არც გეგმავს.
“არ ვაპირებს მისვლას, არც ჩვენების მიცემას და არც ჩივილს, რადგან არ მინდა, რომ ეს ადამიანი დაიჭირონ“, – განაცხადა მაყაშვილმა სააგენტოსთან.
ოჯახი, რომ ზანგურთან სამართლებრივ ბრძოლას არ გააგრძელებს, ამის შესახებ „პრაიმტამთან“ ნინუცას დედამ, მსახიობმა თამარ მაყაშვილმაც განაცხადა. ის აცხადებს, რომ ერთადერთი, ვისაც შეიძლება უჩივლონ, ეს რუსთაველის თეატრია – მსახიობების უკანონო გათავისუფლების გამო.
„თუ საქმეს აღვძრავ, აღვძრავ თეატრიდან მსახიობების უკანონო გათავისუფლებაზე. ის კი გვახსოვდეს, საბოლოოდ, პასუხს, ყველანი უფლის დიდ სამსჯავროზე ვაგებთ“ – განმარტავს თამარ მაყაშვილი.
ცნობისთვის, ნინუცა მაყაშვილი რობერტ სტურუამ თეატრიდან 3 წლის წინ დაითხოვა – „თეატრი არასაკმარისად გიყვარსო“. „პრაიმტაიმთან“ მსახიობი აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მისი და ბესო ზანგურის დაშორებასთან კავშირში არ არის, თუმცა ოჯახური კონფლიქტის შესახებ რობერტ სტურუამ ყველაფერი იცოდა.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც „ფარულ კონვერტში“ ნინუცა მაყაშვილმა მსახიობ ბესო ზანგურთან თანაცხოვრების დროს ქმრისგან ფიზიკურ ძალადობაზე ისაუბრა, რუსთაველის თეატრმა მოხსნა სპექტაკლი, რომლითაც 17 აპრილს სეზონი უნდა გაეხსნა. ამ სპექტაკლში – „იულიუს კეისარი“ – ზანგური ბრუტუსის როლს ასრულებს.
























