
მეამბოხე სასულიერო პირი, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი ორშაბათს, 29 ნოემბერს, “ფარული კონვერტის” სტუმარია.
მამა პეტრე, ია ფარულავასთან, თავისი ცხოვრებიდან ბევრ ექსკლუზიურ ინფორმაციას გაგვანდობს.
დეკანოზს რომ დიდი შინაგანი ბრძოლები აქვს, ამაზე “პრაიმტაიმთან” ჯერ კიდევ იანვარში ილაპარაკა, როდესაც ერთაწმინდაში საცხოვრებლად გადასვლაზე ექსკლუზიურად ჩვენ გაგვიმხილა.
“40 წელი გარდამტეხი ასაკია. საუკეთესო სიახლეები, საუკეთესო ადამიანებთან ერთად, წინ მელოდება. ცხოვრების ამ ეტაპზე მომინდა, რომ გავრიდებოდი ქალაქს. ეს ის ასაკია, რაზეც სერიოზულად უნდა დაფიქრდე ცხოვრებაში და ბევრად უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგა. დიდი შინაგანი ბრძოლები მაქვს. ბევრი მიზეზი და გამოწვევა მქონდა, რომლის წინაშეც ყველა ჩვენგანი ვდგავართ. არის პერიოდი, როდესაც რაღაცას ითმენ, მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ვეღარ ითმენ და გინდა ყველაფერს განერიდო, გაეცალო და შორიდან შეხედო” – ამბობდა მოძღვარი.
იგივე განწყობაზეა ახლაც. ბევრი თვლის, რომ მას, აქტივობებში, ანაფორა ხელს არ უშლის.
პეტრე კოლხი: – შინაგანდ ვგრძნობ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ. ვერ ვიტევ შიგნით რაღაცებს, კანში ვერ ვეტევი, ანაფორაში ვერ ვეტევი! ირგვლივ იმდენად დიდ უსამართლობას ვაწყდები, მინდა, რომ ვიყვირო, გავაპროტესტო.
ეკლესია და ჩემი პატრიარქი უზომოდ მიყვარს, არ მინდა, რომ მას გული ვატკინო. ჩემი ახალი წიგნი, რომელიც მხილებაა, როგორც საკუთარი თავის, ასევე ჩვენი სასულიერო პირების, ჩემთვის ტრამპლინია. ტრამპლინია ახალი ნაბიჯებისკენ. მან უნდა გამომიჩინოს ახალი გზები, ახალი მოტივაცია.
ჩემი თავი ყველგან წარმომიდგენია, მათ შორის პოლიტიკაშიც. არ ვარ ის ტიპი, თავი ანაფორას შევაფარო და ამის იქით გამოსავალი არ მაქვს-მეთქი. მე ყველა გზა მაქვს და ამ გზებზე, ყველგან მომწონს ჩემი თავი.
პირიქით, მადლობა ჩემს სტატუსს და ანაფორას, მისადმი დიდი მოწიწება მაქვს, მაგრამ მე ჩემს შინაგან ინტუიციას მივყვები. და მე არ ვიცი, ეს ჩემი გულის ხმა სადამდე მიმიყვანს. აქ და ახლა, კონკრეტულად გადაწყვეტილი არაფერი მაქვს.
მე მოძრაობას ვარ ჩვეული. ერთი და იგივე ადგილი არ მიყვარს. ადამიანი ერთსა და იმავე მდინარეში ვერ შეცურავს. არის რაღაცები, გინდა აკეთო, მაგრამ ვერ შეგფერის იმიტომ, რომ ანაფორაში ხარ. არადა, ანაფორაში რაღაცები ვერ ეტევა. ეს ახალი წიგნი ჩემი პროტესტების ნაწილის გადმოცემაა. სხვა პროტესტი, შესაძლოა, ქმედებით გამოვხატო, რასაც მივყვები და ალბათ, მალე გამოჩნდება.
ვაღიარებ, რომ თავთან ბრძოლები მაქვს. ბოლო სამი წელია გამოკვეთილად. შეიძლება დასრულდეს ჩემი ეს ცხოვრების წესი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს კარს მივუხურავ. შეიძლება ადამიანებს ანაფორის გარეშე ემსახურო.
აქვე ნახეთ: რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის შვილი პოლიტიკაში წასვლაზე
ასე რომ, უკვე იცით, რომ ორშაბათის “ფარული კონვერტი” არ უნდა გამოტოვოთ!
























