
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობასა და მოსალოდნელ პროგნოზებზე ისაუბრა „პალიტრანიუსთან“ ინფექციონისტმა რევაზ მეჭურჭლიშვილმა. მისი თქმით, საქართველო ეპიდემიას არ უნდა ელოდს. არც გარდაცვალებას, იმ პაციენტებზე დაკვირვებით, რაც გვყავს.
„მსოფლიოში პანდემია აქამდეც უნდა ყოფილიყო გამოცხადებული, ჩემთვის ამაში გასაკვირი არაფერია. რაც შეეხება საქართველოს, მე პირადად, არ ველოდები ეპიდემიას, არ ველოდები გარდაცვალებას, იმ პაციენტებზე დაკვირვებით გეუბნებით, რაც გვყავს. “ – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.
ინფექციონისტმა იმ პაციენტზეც ისაუბრა, რომელსაც საქართველოში კორონავირუსი პირველს დაუდასტურდა.
„ამ პაციენტის განმეორებითმა ანალიზმა აჩვენა, რომ ვირუსი ტოვებს მის ორგანიზმს. უახლოეს დღეებში კიდევ ერთი ანალიზი ჩაუტარდება და უკვე ველოდებით, რომ პასუხი იქნება უარყოფითი. 24 საათის შემდეგ კიდევ ჩაუტარდება განმეორებითი ანალიზი, განმეორებითი უარყოფით პასუხის შემდეგ მას გავწერთ ბინაზე, სადაც იქნება თვითიზოლაციაში.“- ამბობს ინფექციონისტი.
მან ასევე 12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული და ასევე იმ პაციენტის მდგომარეობაზეც, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყველაზე მძიმეა.
„12 წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება პაციენტს, რომელსაც ორმხრივი პნევმონია აქვს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მას ჰქონდა მაღალი ცხელება, თუმცა დღეს 38 გრადუსს აღარ აღემატება, რაც დამაიმედებელ პროგნოზს გვაძლევს. მასთანაც ველოდებით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება. “- განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.
ამ დროის მდგომარეობით საქართველოში ინფიცირების 24 დადასტურებული შემთხვევაა.






















