
საბჭოთა ხელისუფლებისთვის მოსახერხებელი იყო, განსაკუთრებით საშიში ადამიანები გიჟებად გამოეცხადებინა. ასე ხომ მათ აღარავინ დაუჯერებდათ.
ამ მეთოდის შესახებ მეტნაკლებად ყველა ადამიანისთვისაა ცნობილი. თუმცა, დღემდე არ არსებობდა არანაირი მონაცემები, რეალურად ვინ გადიოდა იძულებით „მკურნალობას“ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში.
ადამიანები იძულებით მკურნალობდნენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა ასეთი მონაცემები, უბრალოდ, არ არსებობდა. პირველ რიგში მათი სახელებისა და გვარების მოძიება იყო საჭირო.
ამის გასარკვევად „პრაიმტაიმმა“ იმ ადამიანების სახელები და გვარები მოიძია, ვინც 1929 წლიდან 1988 წლის ჩათვლით ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჟურნალში გაუტარებიათ.
თემის დასაწყისი: საქმე № 170 – კონტრრევოლუციური აჯანყების მცდელობა კოდორის მაზრაში
1922 წლის 12 მაისს კოდორის მაზრის პოლიოტბიუროში შევიდა სოფელ ჯალის კოუჯრედის პატაკი, რომელიც იუწყებოდა, რომ 26 მაისს მზადდებოდა ბანდიტების კონტრრევოლუციური გამოსვლა.
23 -24 მაისს შედგა კოდორის პოლიტბიუროსა და პარტიული კომიტეტის სამმართველოს თათბირი, რომელზეც განიხილეს აღნიშნული საკითხი და შეიმუშავეს გამაფრთხილებელი ზომები.
გამოიძიეს, რომ ამ პერიოდში ოჩამჩირეში მუშაობდა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის წევრებიც ხშირად იკრიბებოდნენ „მენშევიკისა და ბანდიტის“ ნოჩო მიქელაძის კუთვნილ რესტორან „სამოთხეში“.
ეს შეხვედრები იყო კონსპირაციული და მისი მონაწილეები უსაფრთხოების მიზნით, რესტორანში შეიარაღებულები იკეტებოდნენ.
რესტორნის ხშირი სტუმრები იყვნენ: კოწია დადეშქელიანი, სოდათ შერვაშიძე, სეითბეი ანჩაბაძე, ასტამურ აქირთავა, ნესტორ დადიანი, იასონ მარღანია, დიჟ კვეკვესკირი, გრიგოლ ჭედია, რაჟდენ ჟვანია, გრიგოლ ჯიჯოლია, ნიკოლოზ მალანია, ვიქტორ ჟორჟოლიანი, მაქსიმე კორსანტია, ანდრია ხოფერია და სხვა.
საქმე #170-ის დასკვნით, დადგენილებასი, რომელიც 1922 წლის 29 აგვისტოთი თარიღდება. ხაზგასმითაა შეფასებული ეს მოვლენები.
კერძოდ, თბილისელი პროვოკატორებისა და კოდორის მაზრის მენშევიკური ორგანიზაციის, ასევე ამ ავანტურაში მოტყუებით ჩართული სოფლის მშრომელი მოსახლეობის მონაწილეობით მზადდებოდა შეიარაღებული აჯანყება.
ამ „საქმეზე“ რა თქმა უნდა განაჩენის გარეშე არ დაუტოვებიათ კოწია დადეშქელიანი. მისი სამსონ ქარდავას მისამართით გაგზავნილი წელი საქმის მასალებში შემორჩა.
წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„ძმაო სამსონ ქარდავა!
გისურვებ ხანგრძლივ სიცოცხლეს. ვიცი, გაიგებდი ჩემს ამბავს, მარა, მე გარწმუნებ პატიოსანი სიტყვით რომ არაფერი დანაშაურობა არ მაქ. დარწმუნდი ტყუილს არ ვიტყვი. მე არაფრის არ მეშინია.

ქალი არ ვარ, რომ მეშინოდეს და არც მისთვის ვარ დაბადებული რომ საუკუნოთ ვიცოცხლო.
არა, მე, როგორც სხვა, უნდა მოვკვდე. მხოლოდ ქურდობისთვის და სიგლახისთვის მოვკვტე, ის არ მინდა. ღირსეულ სიკვტილს არ გავექცევი.
ჩემი საქმე, დამიბარეს ცენტრალნი კომიტეტის სახელით, მივედი და მითხრეს, ოჩამჩირეს უნდა დავეცეთო.
ეს მე არ ვქენი, რადგან ოჩამჩირეს აღებას არაფერი ნიშნეულობა ქონდა და მე რადგანაც არ ვქენი, არც სხვა, ქნა და დეირღვა.
აი, ჩემი დანაშაულობა. გარდა ამისა, მე შენი სიკეთე მახსოვდა და ამიტომ მეც ძალიან მოგეხმარე. ამ დროს არდევანი გეტყვის.
მუშნის თაობაზე მადლობელი ვარ, მარა გთხვოვ, ბევრი პატივი გიცია და კიდო დამავალო. ჩემი გულისთვის წადი სოხუმში და ბოვში გააშვებიე, თუ არა ის თუ დაჭერილი იქნა, არც თავი მინდა და არც სიცოცხლე!
პატივისცემით კოწია დადეშქელიანი“
საქმეში დაცულია ლექსი, რომელსაც უკომენტაროდ გთავაზობთ.
მოწოდება აფხაზ და ქართველ ხალხებს:

„მოწოდება
ქართველნო მოქალაქენო
უკვე ყველამ ნათლად დავინახედ ჩვენში ძალად შემოჭრილ მოსკოვის ყაჩაღურ ხიშტების იდეურად და ეკონომიურად გაკოტრება და მათი ძაფზე გარჩენა, რომელიც მალე გაწყდება და ჩვენ ყველა ქართველნი და აფხაზნი ვალდებული ვართ მამულიშვილურათ შევხვდეთ ჩვენ დამზადებულ ნიადაგის განხორციელებას.
აი, ეხლა დარწმუნებით, რომ ყაჩაღურ ფულს არ ღებულობენ და დაეძებენ ნამდ. ხალხოსნურ დემოკრატიულ ფულს, რომელიც ცნობილია ყველასთვის.
მოქალაქენო, რათ უნდათ მათ ხალხოსნური ფული, როდესაც ხალხოსნული მართვა-გამგეობა არ სურთ? მაგრამ ხედავენ თავიანთ სიკეთეს…
მაშ, ქართველნო, წინ! ჩვენ ლაჩრობა არ გვჩვევია!
გაუმარჯოს აფხაზთა და საქართველოს ძმურ და მეგობრულ კავშირს! გაუმარჯოს ყველა დემოკრატიულ რესპუბლიკებს!
ძირს მუხანათ მოღალატენი!
გაუმარჯოს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას!“
(სტილი დაცულია)
ამ სტრიქონების წაკითხვისას კიდევ ერთხელ გვეფიქრება ათასჯერ ნაფიქრალი და გაცვეთილი, მაგრამ მაინც აქტუალური და მთავარი: ქართველები და აფხაზები საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ, ერთად იბრძოდნენ, ერთად იმარჯვებდნენ და თუ მარცხდებოდნენ.
ამის ნათელი დასტურია დღევანდელი რეალობაც, სამწუხაროდ, დამარცხებული რეალობა…
„პრაიმტაიმი“ ეტაპობრივად მოგაწვდით იმ ადამიანების შესახებ საარქივო მასალებს, რომლებიც კომუნიზმის ეპოქამ გიჟად შერაცხა.
ლია კერესელიძე – „პრაიმტაიმის“ პროექტი კომუნისტური შიზოფრენია






















