
ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში ხშირად ხვდება. აკვირდებიან, უღიმიან, საქებარ სიტყვებსაც არ იშურებენ, თუმცა არის ხოლმე მომენტები, როცა უნებლიე თუ გამიზნული ფრაზებით გულსაც სტკენენ. 21 წლის რუსუდან შარვაძე, სხვა თანატოლებისგან არაფრით განსხვავდება, თუ სიმაღლეს არ ჩათვლით. ისიც ისეთივე სრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც – ჩვენ.
ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაგრძო. ახლა მე-3 კურსის სტუდენტია, ფილოლოგობასთან ერთად, ჟურნალისტიკის პროფესიასაც ეუფლება.
პატარა ტანის გოგონა, დიდ პოზიტივს და დადებით ემოციებს აფრქვევს. საკუთარი სიმაღლით არასდროს დაკომპლექსებულა და არც იმით დაინტერესებულა, რამდენი სანიტიმეტრია. თუმცა ბედნიერებას და სრულფასოვან ცხოვრებას სიმაღლე ხომ ხელს არ უშლის?!
რუსუდან შარვაძესთან ინტერვიუს ჩაწერა კი მას შემდეგ გადავწყვიტეთ, რაც ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელში მისი ვიდეო გავრცელდა. გოგონა მეგობრებთან ერთად რესტორანში აჭარულს საუცხოოდ ცეკვავს. ვიდეოს უამრავი დადებითი და პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. როგორც გაირკვა, მას ხალხურ ცეკვებზე არასდროს უვლია და თავად დაეუფლა. უკრავს ფანდურზე და მღერის. სწორედ მისი ნიჭიერებიდან გამომდინარე, უკვე ერთ-ერთი ტელევიზიიდან ჟურნალისტის პოზიციაზე შეთავაზება მიიღო. სავარაუდოდ, პანდემიის დასრულებისთანავე ახალი მხატვრული ფილმის გადაღება დაიწყება, სადაც რუსკა ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
“მე ვარ რუსკა შარვაძე, 21 წლის ქალაქ ქუთაისიდან. ვსწავლობ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. დედმამიშვილებიდან ვარ მესამე. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მშობლების გარეშე გავიზარდე, ისეთი ბავშვობა მქონდა, როგორიც ბავშვს უნდა ჰქონდეს. მამა რომ გარდაიცვალა, პატარა ვიყავი და რამდენიმე თვეში დედა ემიგრაციაში წავიდა, ბებომ გაგვზარდა. მშობლების დეფიციტს მხოლოდ მაშინ ვგრძნობდი, როცა სკოლაში კრებაზე ბებია ან ჩემი და მოდიოდა.” – ამბობს რუსუდანი.
არასდროს გაჩენია კითხვა – რატომ არის განსხვავებული
„არასდროს გამჩენია კითხვა, რატომ ვიყავი სხვებისგან განსხვავებული. ალბათ იმიტომ, რომ ვიცოდი… თუმცა, 15 წლის ასაკამდე გარკვეული კომპლექსები მქონდა, მაგრამ ჩემი მეგობრების დახმარებით ყველაფერი გადავლახე და დღეს, სრულფასოვანი ადამიანი ვარ, რომელსაც ცხოვრება ძალიან უყვარს და ძალიან ბედნიერი ადამიანია. ოჯახში გენეტიკურად ამ სიმაღლის არავინ გვყოლია, მაგრამ მოხდა ისე, რომ ჩემი ძმაც დაბალია. სიმართლე გითხრათ, ჩემი სიმაღლით არასდროს დავინტერესებულვარ. არასდროს მქონია წონის პრობლემა, თუმცა დარწმუნებული ვარ, სიმსუქნე არ მომიხდება იმიტომ, რომ დაბალი ვარ. მივმართავ ადამიანებს, ყველა უნდა შეიყვაროთ ისეთი, როგორიც არის. ზღვარი არ არსებობს ადამიანების ფიზიკურობაში.
კარგად მახსენდება სკოლის პერიოდი, საუცხოო მეგობრები მყავდა და ახლაც მყავს. სიმართლე გითხრათ სკოლის დამთავრებას არ ვაპირებდი. მეცხრე კლასიდან გამოსვლა მინდოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ უნივერსიტეტში ჩაბარება ჩემთვის რთული იქნებოდა… არა იმიტომ, რომ სწავლა გამიჭირდებოდა, ვფიქრობდი, რომ უცხო გარემოსთან შეგუებას ვერ შევძლებდი. მადლობელი ვარ ჩემი სკოლის დირექტორის, რომელმაც არ გააგზავნა განაცხადი, რომ მეცხრე კლასიდან უნდა გამოვსულიყავი და სკოლა დავამთავრე. პირველად სწორედ მაშინ მივხდი, რომ ძლიერი ადამიანი ვიყავი რადგან ჩავთვალე, რომ განათლება აუცილებელი იყო და ჩავაბარე უნივერსიტეტში. დღეს ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტი ვარ.
ჩემთვის გარემო ბევრ რამეს ნიშნავს, მეგობრები – განსაკუთრებით. ოჯახთან ერთად მათ დიდი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ მე დღეს ასეთი ვარ. დიდ წილად მათი დამსახურებაცაა, რომ მე დღეს კომპლექსიანი რუსო აღარ ვარ. რაც შეეხება კომპლექსებს, ეს უფრო ბავშვობაში იყო, როდესაც ქუჩაში გავივლიდი და ბავშვები დამინახავდნენ, რაღაცას ჩაილაპარაკებდნენ ხოლმე. დღეს ამას ყურადღებას აღარ ვაქცევ. ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში განსხვავებული ადამიანის აღქმა რთულია და ამას ხვდები, მაგრამ ამ ყველაფერს იმდენად მიჩვეული ვარ, რომ ყურადღებას აღარ ვაქცევ.
უხერხული სიტუაციები რა თქმა უნდა ყოფილა, ზოგჯერ ბავშვიც ვგონებივარ, მაგრამ არ ვარ ბავშვი. ყველაზე მეტად მახარებს ის, რომ მყავს უმაგრესი ოჯახი და მეგობრები. კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და ადვილად შევდივარ კონტაქტში. ძალიან ბევრი ადამიანი პოზიტივს მეძახის. როგორც ამბობენ, ჩემს გვერდით ყველა თავს პოზიტიურად გრძნობს.“
ფართო საზოგადოებამ ამ ვიდეოთი გაიცნო
„მარიამობის დღესასწაული კლასელებმა ქუთაისის ერთ-ერთ რესტორანში აღვნიშნეთ. ტრადიციად გვაქვს, რომ მე და ჩემმა ერთ-ერთმა კლასელმა აჭარული უნდა ვიცეკვოთ ხოლმე. ტრადიცია არც მაშინ დავარღვიეთ და ვიცეკვეთ. ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანმა ცეკვა გადაიღო და სოციალურ ქსელში ატვირთა. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, ქუჩაში ხშირად მაჩერებდნენ და მეუბნებოდნენ, თქვენ ცეკვავთ ხომ იმ ვიდეოში?!
ძალიან სასიამოვნო განცდა იყო ჩემთვის. თუმცა ვფიქრობდი, რომ არაეთიკურ კომენტარებსაც გადავაწყდებოდი და ცოტა ვინერვიულე, მაგრამ დიდად ყურადღება აღარ მიმიქცევია. ცეკვაზე არასდროს მივლია. ჩემი და ცოტა ხნით დადიოდა და ილეთები მისი ყურებით ვისწავლე. მერე ვიდეოებს ვუყურებდი და ა.შ. ჩემს გულს ვახარებ. ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ, როდესაც ერთ-ერთმა ტელევიზიამ სტუმრად მიმიწვია, ჩემი ოჯახის წევრები ვერაფრით დავარწმუნე, რომ მართლაც მიმიწვიეს. როცა ეკრანზე დამინახეს მაშინ დაიჯერეს. დედა ისევ ემიგრანტია, ჩემი და დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. სახლში მე, ბებია და ჩემი ძმა ვცხოვრობთ. ჩემი ჰობია სიმღერა. ბავშვობიდან ვმღერი, ფანდურზე დაკვრა კი, რამდენიმე წლის წინ ვისწავლე.“
პანდემიის დასრულების შემდეგ ფილმში გადაიღებენ
„არ მიყვარს წინასწარ გეგმების დაწყობა, თუმცა ახლა, რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ სწავლას აუცილებლად დავასრულებ. მინდა ჟურნალისტიკას გავყვე. კონკრეტულად რა მიმართულებით წავალ, ჯერ არ ვიცი, მაგრამ ალბათ, სატელევიზიო მიმართულებით მუშაობას ვეცდები. მქონდა საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შემოთავაზება, რომ ქუთაისში მათი რეგიონალური ჟურნალისტი ვყოფილიყავი, მაგრამ პანდემიის გამო პრაქტიკის გავლა ვერ შევძელი და ამ შემოთავაზებაზე დროებით უარი ვთქვი. პანდემიის დასრულების შემდეგ, ალბათ მუშაობას დავიწყებ. გარდა ამისა, რეჟისორთან გასაუბრებაზე ვიყავი, რომელიც მხატვრულ ფილმს იღებს. ამ ეტაპზე სხვა არაფრის თქმა არ შემიძლია, გარდა იმისა, რომ ერთ-ერთ როლს ვითამაშებ. ფილმის გადაღება პანდემიის დასრულების შემდეგ დაიწყება.“
რუსო ახლა შეყვარებულია
„ადრეც ვყოფილვარ შეყვარებული და ახლაც ვარ. ეს სიყვარული არის ორმხრივი. ჩემი შეყვარებული ჩვეულებრივი სიმაღლის არის.
აინტერესებთ ხოლმე, სად და როგორ ვყიდულობ ტანსაცმელს. მინდა გითხრათ, რომ სამოსზე პრობლემა არასდროს მექმნება. თუ დიდ ადამიანზე რაიმე მომეწონა მყავს მკერავი, რომელიც ზუსტად ისეთს მიკერავს, როგორიც მინდა. გარდა ამისა, ვყიდულობ კიდეც. მაგალითად ზედებს ძირითად საბავშვო განყოფილებაში ვიძენ.






















