
დეკანოზი ალექსანდრე გალდავა გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს, „რესპუბლიკელ“ თამარ კორძაიას ინტერვიუს ეხმიანება, სადაც პოლიტიკოსი საპატრიარქოსთვის დაფინანსების შეწყვეტის და ეკლესიისთვის გადაცემული ქონებების შესწავლის იდეით გამოდის.
„პრაიმტაიმთან“ საუბრისას დეკანოზი ამბობს, რომ ეკლესიასთან ასეთ დაპირისპირებაში მყოფ პოლიტიკოსებს ხალხი არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს.
„ასეთი პროგრამის შემთხვევაში ეჭვი მეპარება, რომ გაიმარჯვონ. ეს არ არის ეკლესიის ფული, ეს არის პედაგოგების, ბავშვების, მიუსაფარი ადამიანების ფული.
მათთვის აპირებენ ამ ბიუჯეტის წართმევას? ეკლესიის დაფინანსება, პირდაპირ მიდის სასწავლებლების ანგარიშზე, რითიც ისინი არსებობენ და არის კიდევ სხვა საქველმოქმედო საქმიანობები. ეს ყველაფერი გამჭირვალეა და დევს ფინანსთა სამინისტროში.
ასე რომ თამარ კორძაიას თუ ჰგონია, ამით ეკლესიას ურტყამს, მინდა დავარწმუნო რომ ასე არ არის. ამით ის და მისი თანამოაზრეები უპირისპირდებიან სწორედ იმ კეთილ საქმეებს, რასაც ეს თანხა ხმარდება.
ძალიან ცუდია, რომ ის წარმოადგენს ამ გაერთიანებულ ოპოზიციას. ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ ერთი აზრი. ძალიან ცუდი.
ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. ბიუჯეტის ხარჯზე ეკლესია არ არსებობს, არცერთი მღვდელი და არცერთი მონასტერი ხელფასს არ იღებს. ეს ფული მიდის განათლების სისტემაში, პანსიონატებში და ასეთ საქმეებზე. დანარჩენი ყველაფერი არის პოლიტიკური სპეკულაცია და მათ ალბათ, არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს ხალხი ეკლესიასთან ასეთი ღია დაპირისპირების გამო“, – ამბობს დეკანოზი ალექსანდრე გალდავა.
ცნობისთვუს: გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, „რესპუბლიკელი“ თამარ კორძაია „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში პარლამენტში დასვამს საკითხს ეკლესიისთვის საბიუჯეტო დაფინანსების გაუქმებისა და გადაცემული ქონებების შესწავლის შესახებ → კითხვის გაგრძელება.























