
პრეზიდენტის გარდა, ამერიკელი ამომრჩევლები 35 სენატორსა და 435 კონგრესმენს ირჩევენ. რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის თუ ვის სასარგებლოდ გაკეთდა არჩევანი, მალე გაირკვევა.
როგორც ნიუ-იორკში მცხოვრები მსახიობი, ცუცა კაპანაძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, ქართველი ემიგრანტების აზრებიც გაიყო, ნაწილმა ტრამპს, ნაწილმა კი ბაიდენს მისცა ხმა.
ცუცა კაპანაძე: – ველოდებით ვინ გაიმარჯვებს. გადავირიეთ ლამის არის. საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ცოტა სხვაობაა. რუკას ვუყურებ, ჯერჯერობით, წითელი ხაზი ტრამპისკენ არის. დიდ შტატებში ტრამპმა დიდი ხმები აიღო. ნიუ-იორკში ხმები გაყოფილია. ეს ყოველთვის დემოკრატების მეგაპოლისია. უმეტესი ხმა, აქ მაინც ბაიდენმა აიღო.

ლიბერალებს მხარს არ ვუჭერ. ჩემთვის ოჯახის სიწმინდეა უპირველესი. ვთვლი, რომ ოჯახი ქალი და მამაკაცია. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა ბაიდენს მისცა ხმა.
ტრამპის მხარდასაჭერი დიდი აქციები ეწყობოდა. ამერიკელები ამბობდნენ, არ გვახსოვს რესპუბლიკელების მზარდამჭერებს, ასე თავისუფლად, ნიუ-იორკში მსგავსი აქციები მოეწყოთო.
ბევრი ქართველი მონაწილეობდა აქციებში, ქართულ დროშებს აფრიალებდნენ. ქართველები ამბობდნენ, ამერიკელებმა მადლობა გადაგვიხადეს, მხარს რომ უჭერთ ტრამპს და ჩვენს სათქმელს ამბობთო. გასაკვირია, როცა ამას ძირძველი ამერიკელი გეუბნება.
მე ამერიკელების ოჯახში ვარ და ოჯახის 11 წევრიდან ორმა ბაიდენს მისცა ხმა, დანარჩენმა – ტრამპს. ასე იყოფიან ოჯახები.

ცუცას არ დაუმალავს, საქართველოს საპარლამენტო არჩვენებზე ხმა “ქართულ ოცნებას” მისცა. კომისიის წევრიც ყოფილა. ამბობს, რომ ამერიკის ქართულ სათვისტომოში, ხმების მეტი წილი, ნაციონალებმა აიღეს.
ცუცა: – ეგონათ, ნიუ-იორკში გაყალბდებოდა, მაგრამ სისულელეა. იმდენი ოპოზიციის წარმომადგენელი დამკვირვებელი იყო, სამ რეგისტრატორს სამ-სამი ოპოზიციონერი ედგა თავზე და როგორ უნდა გაყალბებულიყო? მე ყუთთან ვიჯექი. თავზე მადგა ოპოზიციის წარმომადგენელი. წარმოუდგენელი იყო გაყალბება. საერთაშორისო დამკვირვებელი რომ გეუბნება, საქართველოში არჩვენები არ გაყალბებულაო, უნდა დაიჯერო, რომ ასეა. დიდი სისულელეა პარლამენტში რომ არ შედიხარ, კიდე აქციებს აწყობ და რევოლუცია გინდა.
ჩვენ ხომ ხალხს იმიტომ ვირჩევთ, რომ მომავალი უკეთესი იყოს, ხალხმა ამოიუსნთქოს და ტერიტორიები დავიბრუნოთ. უნდა მოვრჩეთ კერპთაყვანისმცემლობას და საქართველოს მომავალს მივცეთ ხმა. ეს არის პრიორიტეტი.
როცა ეს საკითხი დგას, რომ ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ და დავით გარეჯი, ეს ეროვნულ-კულტურული ძეგლი რატომღაც რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე უნდა მოხვდეს, უნდა დავფიქრდეთ. იქნებ, ხმა საქართველოს მივცეთ და არა – პიროვნებებს!
დასამალი არ არის, მე “ქართულ ოცნებას” მივეცი ხმა. შეცდომების გამოსწორების შანსი მივეცი. დასასჯელი – ნაცია თუ ქოცი, უნდა დაისაჯოს. ჩემთვის მიუღებელია, როცა მოსამართლეს უვადოდ ირჩევენ. იქნებ მასაც გარკვეული პერიოდი ვადა მისცენ.
მთავრობა უნდა გვემსახუროს ჩვენ და არა – პირიქით. ეს უნდა გაიგონ. ჯერჯერობით ყველა სკამისთვის იბრძვის. თითო-ოროლაა პატრიოტი. საქართველოს ჩვენი პრემიერისთანა ხისტი და გაწონასწორებული ადამიანი სჭირდება.
როდესაც ადამიანი ქვეყნისთვის სიკეთეს აკეთებს, რომელი პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის, უნდა დავინახოთ, დავაფასოთ და მადლობა გადავუხადოთ.
არავისტი არ ვიყოთ და გვიყვარდეს ერთმანეთი. არჩევნებზე ამერიკაშიც იყო ქართველებს შორის დაპირისპირება. ხელისუფალი იცვლება, ჩვენ ერთმანეთთან შეხვედრის არ უნდა შეგვრცხვეს. იქნებ გვიყვარდეს ერთმანეთი. პოლიტიკის გამო კი არა, ნურაფრის გამო ნუ გავიყოფით.
– სამშობლოში საბოლოოდ დაბრუნებას როდის გეგმავთ?
– სამ-ოთხ წელიწადში ვაპირებ. საპენსიო თემას მოვაგვარებ და დავბრუნდები. მე კი თინეიჯერად ვგრძნობ თავს, მაგრამ მაინც მიახლოვდება საპენსიო ასაკი.
მადლობა ამერიკას, ოჯახი და ქვეყანა გადამირჩინა. ძალიან მიყვარს ეს ქვეყანა. 14 წელი არც ცოტაა და არც ბევრია. ჩემი პრიორიტეტი კი მაინც ჩემი უსაყვარლესი და კოპწია ქვეყანაა…























