19:02 | 2021-11-28 ავტორი: Prime Time

არის თუ არა ხვალინდელი აქცია პროვოკაცია – რას ამბობს სააკაშვილის ადვოკატი

არის თუ არა ხვალინდელი აქცია პროვოკაცია – რას ამბობს სააკაშვილის ადვოკატი

ხვალ, 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება, რომელსაც სავარაუდოდ, თავად ექსპრეზიდენტი დაესწრება.

 

ამავე დროს, ხვალ, 11:00 საათზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლოსთან საპროტესტო აქცია დააანონსა. საზოგადოების ნაწილი ამ აქციას პროვოკაციას უწოდებს. მათი აზრით, ხელისუფლება ექსპრეზიდენტს სასამართლო დარბაზში არ მოიყვანს…

 

სწორედ ამ კითხვით “პრაიმტაიმი” სააკაშვილის ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ თუ გადაწყვეტილი აქვთ სააკაშვილი კვლავ დარბაზს მიღმა აღმოჩნდეს, არც მოიყვანენ, თუმცა ამას სამართლებრივ საფუძვლად დაანონსებული აქცია ვერ დაედება.

 

“ვარაუდებს ვერ გამოვთქვამ, თუ რას მოიმოქმედებს ხელისუფლება. აქამდე, საზოგადოებამ ნახა, რომ ხელოვნურად მიზეზებს ეძებდნენ, რომ სააკაშვილი სასამართლოში არ მისულიყო, რათა ხალხს არ ჰქონოდა შესაძლებლობა, არ მოესმინა მისთვის.

 

ახლა, თუ გადაწყვეტილება აქვს მთავრობას მიღებული, რომ ის დარბაზში არ უნდა მოიყვანონ, ამისთვის დაანონსებულ აქციას გამოიყენებენ თუ ძველ მიზეზებს, მნიშვნელობა არ აქვს. აქ მთავარი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არ მოყვანის საფუძველი კანონმდებლობით სასამართლოსთან გამართული აქცია ვერ იქნება. გამოჩნდება, რამდენად დიდია ხელისუფლების შიში სააკაშვილის საჯაროდ გამოჩენის. თუმცა, ეს შიში არაერთხელ დემონსტრირდა. ასევე, ვნახეთ საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კრიტიკულად შეხვდა სააკაშვილის პროცესზე არ მიყვანის ფაქტს, ვნახოთ კიდევ გააკეთებენ ამას თუ არა.

 

თუმცა, იმდენად არაადეკვატურები არიან ხელისუფლებაში და ლოგიკის ფარგლებს მიღმა, რომ გონივრული ვარაუდები, თუ რას მოიმოქმედებენ ისინი, ძნელი სათქმელია.” – ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.

ავტორი: Prime Time

X