
“არც ერთი რევოლუციის წინააღმდეგი არა ვარ, რომელსაც მე ვახდენ, მაგრამ ამ ქვეყანაში სხვისი მოხდენილი რევოლუციები არ მინდა. ჯერჯერობით, საერთო რევოლუციაში არ მეპატიჟებიან. თუ სხვები ჩემს გარეშე აპირებენ, შევეცდები ხელი შევუშალო”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის“ წარმომადგენელმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
„ვიდრე რაიმე ნაბიჯს გადავდგამ, მინიმუმ ის უნდა ვიცოდე, რა არის გეგმა და საპარლამენტო ბოიკოტს თუ მანდატების შეწყვეტას შედეგად რა მოჰყვება. სულ მაინტერესებდა, რა იყო გაგრძელება თუ ოპოზიცია ვერ მოიგებდა ან არ მოაგებინებდნენ არჩევნებს. პასუხად გავიგე, რომ პარლამენტის ბოიკოტია გზა. ამან შედეგს რომ ვერ მიაღწიოს, მერე რა იქნება? ვიდრე ამას არ გავიგებ, გავაგრძელებ საქმიანობას, რაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.






















