
“ერმალოფილმის” დამაარსებელს, რეჟისორ ერმალო მაღრაძეს ცოტა ხნის წინ, თავისი მეშვიდე ფილმის, “ეს დაიწყება საქართველოდან” პრემიერა ჰქონდა. საკუთარი ნაშრომით თვითონ კმაყოფილია. მეტსაც გეტყვით, “ოსკარზე” წარდგენილი ფილმების ლისტში უნდა შეძვრომა.
სილვესტერ სტალონესთვის დაწერილი სცენარი ისევ შენახული აქვს. თუ ამერიკულ ოცნებას აიხდენს და ჰოლივუდში მოხვდება, “რემბოსაც” გაიცნობს და სცენარსაც წააკითხებს.
ახლა მშობლიურ ზესტაფონში, მამა-პაპისეულ სახლში ცხოვრობს და ადგილობრივ ტელევიზიაში მუშაობს. ისევ ეძებს პასუხს კითხვაზე, ვინ ვართ და რა გვინდა?
ერმალო მაღრაძე: – ეს ფილმი ყველაფერზეა. უფრო კონკრეტულად გეტყვით, ადამიანების ხსნა ერთმანეთშია და არა, მთავრობაში, ინვესტიციებში, სხვა რამეში. ერთმანეთის სიყვარულში, უფლის სიყვარულსა და ლოცვაშია ხსნა. ლოცვას დიდი ძალა აქვს. ექვსასმა ბერმა, მეთორმეტე საუკუნეში, ლოცვით გადაარჩინა სამყარო.
უნდა გატარდეს სერიოზული რეფორმა – ეკონომიკური და საეკლესიო. როგორც დავით აღმაშენებელმა გაატარა.
მართლა ძლიერი ფილმია. ცნობილი სახეებიდან ფილმში თამაშობს ბიძინა ჩხეიძე, ბეთხოვენა “ღიმილის ბიჭებიდან”. ასევე თამაშობს ნინო ადამაშვილი. მთავარ როლში მე ვარ, ტაქსის მძღოლის როლში. სხვადასხვა მგზავრთან მის საუბარში იკვეთება ფილმის მთავარი სათქმელი. სცენარის ავტორი, რეჟისორი, მისი ასისტენტი, ოპერატორი, მისი ასისტენტი, გამნათებელი, მძღოლი – ყველაფერი მე ვარ.

– ანუ, ჩაპლინი უკან მოიტოვეთ.
– გამოდის… ზარმაცი არ ვარ, შრომისუნარიანი ვარ. ასაკისთვის შეუფერებელი ენერგია მაქვს. მუშაობის დროს, არც ჭამა მახსოვს, არც – სმა.
ეს ფილმი ვთარგმნეთ, ტიტრები დავადეთ ინგლისურად. ფილმი რომ “ოსკარზე” ჩვენი სახელით წარადგინონ, ჯერ ჩვენთან, შიდა შესარჩევი კონკურსი უნდა გაიაროს. ვნახოთ, ველოდები კონკურსის დაწყებას.























