13:39 | 2020-12-28 ავტორი: Prime Time

მარტოხელა დედის სულისშემძვრელი წერილი – საძროხეში ვცხოვრობთ, ბავშვი 4 წლისაა, მეუღლის დასაფლავებიდან მესამე დღეს ცეცხლი გაჩნდა

მარტოხელა დედის სულისშემძვრელი წერილი – საძროხეში ვცხოვრობთ, ბავშვი 4 წლისაა, მეუღლის დასაფლავებიდან მესამე დღეს ცეცხლი გაჩნდა

ძველ სენაკში მცხოვრები ნონა ჯახია დახმარებას ითხოვს. მისი წერილი „პრაიმტაიმს“ ახლობლებმა მიაწოდეს. დაახლოებით ორი თვის წინ ქალს მეუღლე ავტოკატასტროფაში გარდაეცვალა, დაკრძალვიდან მესამე დღეს კი მათი საცხოვრებელი სახლი ხანძარმა მთლიანად გაანადგურა.

 

მას შემდეგ ნონა ჯახია 4 წლის შვილთან ერთად საქონლის სადგომში ცხოვრობს.

 

„მე ნონა ჯახია ვარ, აფხაზეთიდან ლტოლვილი. ამჟამად მცხოვრები ძველ სენაკში. ვარ ძალიან უბედური. 5 წლის შვილი გულის მანკით მომიკვდა 6 წლის წინ, მყავს დიდი შვილი – ცოლშვილიანი, რძალი მეორეზეა ფეხმძიმედ.

 

ჩემი პატარა შვილი არის 4 წლის. მეუღლე კატასტროფაში მოყვა და გარდაიცვალა. მეუღლის დასაფლავების მესამე დღეს ცეცხლი გაუჩნდა დენს და ყველაფერი სახლიანად დამეწვა.

 

 

დავრჩით შიშველ-ტიტვლები. ვერაფერი ვერ გამოვიტანეთ. ამჟამად ვცხოვრობ საძროხეში, არ ვიცი რა ვქნა, ცხოვრება აღარ მინდა, მაგრამ ამ პატარა შვილს რა ვუყო. ჩემს უმისოდ ერთი წუთი არ ვარგა.

 

ყველას ვთხოვ, ჩემი გაჭირვება ეგებ ვინმემ გაიზიაროს და დამეხმაროს შეძლებისდაგვარად. ღმერთი ყველას გაახარებს“, – წერს დაზარალებული ქალი.

 

„პრაიმტაიმი“ ძველი სენაკის ადმინისტრაციულ ერთეულში მერიის წარმომადგენელს, ნუკრი ჯანჯღავას დაუკავშირდა. მისი თქმით, ნონა ჯახიას ოჯახისთვის დახმარების სახით უკვე გამოყოფილია 3000 ლარი და ამჟამად საბუთების მოგვარება მიმდინარეობს. მისივე თქმით, ოჯახს მერია საჭირო სამშენებლო მასალითაც დაეხმარება.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: Prime Time

X