
მას შემდეგ, რაც სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში 8 წლის გოგონას გაუპატიურების ფაქტზე, მოძალადე მამა-შვილის სახლი სოფლის მოსახლეობამ გადაწვა, ამ მიღებულ “ტრადიციას” სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
ამ და მსგავს ფაქტებს “პრაიმტაიმთან” სამოქალაქო აქტივისტი, უფლებადამცველი ცაბუნია ვართაგავა იხსენებს.
“სახლის გადაწვის შემთხვევები სამეგრელოში გავრცელებული “ტრადიციაა”, დამნაშავეს თუ ოჯახის სხვა წევრი ჰყავს, იმ თემში აღარ დაედგომება. ჭიშკარსაც ხსნიან, რათა იქ ვეღარავინ იცხოვროს და თითოეულმა გამვლელმა იცოდეს, რომ იმ ნასახლარის პატრონმა უპატიებელი რამ ჩაიდინა.
ასეთ სახლს ან მიწას არავინ ყიდულობს, ბალახი იზრდება და წლების მანძილზე სახლი ნასახლარად იქცევა, სამეგრელოს სოფლებში რომ გაიაროთ, არაერთ ასეთ ნასახლარს ნახავთ.
ადრე, როდესაც მამიდაჩემის ქმარმა მამიდაჩემი და ჩემი მამიდაშვილი დახოცა, ჩვენი ახლობლებიც ამბობდნენ, წავიდეთ და სახლი გადავუწვათო. მამაჩემს უთქვამს, დას ეგ ვერ გამიცოცხლებს და რა აზრი აქვს სახლის დაწვასო…
არც იმ 8 წლის ბავშვს უშველის სახლის დაწვა… არც არავის…
(მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ დაველოდებოდი კანონის აღსრულებას, ჩემს შვილს რომ მსგავსი რამ შემთხვეოდა… შეიძლება, მხოლოდ სახლის გადაწვას არ დავჯერდებოდი. არავინ იცის, მსგავს სიტუაციაში ვინ როგორ მოვიქცევით…)
ერთადერთი, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად დავიცვათ ბავშვები ძალადობისგან, ვასწავლოთ მათ თავის დაცვა, ძალადობის ამოცნობა, მოვიპოვოთ მათი ნდობა, რომ გვესაუბრონ და გვახსოვდეს, მოძალადე შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მხოლოდ უცხო კი არა, ხშირ შემთხვევაში ყველაზე ახლობელიც კი….” – ამბობს ცაბუნია.
შეგახსენებთ, სენაკის სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულ მამა-შვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მამა-შვილი 23 ივნისს დააკავეს.
მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით წარედგინათ (გაუპატიურება, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ბ.გ.-ს ორი ეპიზოდი, ზ.გ.-ს სამი ეპიზოდი), ხოლო ზ.გ-ს ასევე ბრალდება 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩადენილი ძალადობით, დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან) წარედგინა.
ბრალდების მხარე, ზ.გ.-ს ორ ბავშვზე ძალადობას ედავება.
ავტორი: თეა შონია






















