21:05 | 2020-10-26 ავტორი: თამარ გონგაძე

“აშკარად ავად იყო. გულგატეხილი იყო ამ ცხოვრებაზე, პირადზე. თვითონ არ მოინდომა, გესმით?…” – ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს

“აშკარად ავად იყო. გულგატეხილი იყო ამ ცხოვრებაზე, პირადზე. თვითონ არ მოინდომა, გესმით?…” – ზურა ყიფშიძე ლიკა ქავჟარაძეს იხსენებს

ლიკა ქავჟარაძე დღეს 61 წლის გახდებოდა. ის არის მსახიობი, რომელსაც ყოველთვის დანანებით გავიხსენებთ, რომ ვერ მოვუარეთ, გვერდით ვერ დავუდექით, მივატოვეთ…

 

თითქოს მარიტასავით ყველამ ერთად გავრიყეთ. ან რა უნდა გვექნა, როგორ უნდა გვეშველა? როგორც ზურა ყიფშიძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, ლიკამ თავად არ მოინდომა, რომ რამე შეეცვალა, გულგატეხილს ცხოვრება განეგრძო, აქ დარჩენილიყო…

 

ზურა ყიფშიძემ ორჯერ ითანამშრომლა ლიკასთან, ფილმებში -“არგონავტები” და “ჩაკლული სული”. არადა, რა ტანდემი დაკარგა კინემატოგრაფიამ?! ლიკას მსგავსად, მიმაჩნია, რომ არც ზურაა “გამოყენებული” ქართულ კინოში.

 

ზურა ყიფშიძე: – ანგელოზივით იყო ბავშვი… მეჩვენებოდა, რომ დედა ძალიან ჩართული იყო მის ცხოვრებაში. ბევრ რამეში ერეოდა. მის გარეშე თითქოს არაფერს აკეთებდა, ყველა ნაბიჯს უკონტროლებდა.

 

მისი გახსენებისას ერთხელ თქვით რომ ნანობთ, მის სატელეფონო ზარებს რომ მალე ასრულებდით და დიდხანს არ ესუბრებოდით, როცა გირეკავდათ.

 

– ასე იყო. უნდოდა, რომ ყველაფერი გაეგო, ძალიან ყურადღებიანი და თბილი ადამიანი იყო. არაჩვეულებრივი იყო როგორც ადამიანი, როგორც პარტნიორი.

 

პატარა ბავშვივით ერთვებოდა ფილმის გადაღებაში. მისთვის ეს არ იყო – კინოში მიღებენ ვარსკვლავსო. არა, ის იყო სამუშაოს მძებნელი, როლს ჭვრეტდა, მუშაობდა. სცენაზე ბევრჯერ გვილაპარაკია. თუმცა მას ეშინოდა სცენის. მე არ ვარ პროფესიონალი მსახიობი, მუსიკოსი ვარო, ამბობდა.

 

სოსო ჯაჭვლიანმა სწორი თქვა, არ ვიცი ხუთი თუ შვიდი პროცენტით, საერთოდ კინომ ვერ გამოიყენა ის როგორც საჭირო იყო, ისე.

 

თქვენც მიგაჩნიათ, რომ “ნატვრის ხის” მარიტა მას ბოლომდე გაჰყვა და დაღი დაასვა მის ცხოვრებას?

 

– არის მაგაში რაღაც ლოგიკური. მაგრამ აშკარად ავად იყო, გესმით… არაფერი ეშველებოდა. წელიწადში ორჯერ ჰქონდა გართულებები… გულგატეხილი იყო ამ ცხოვრებაზე, სიყვარულზე, პირადზე. ეტყობა მაინც თვითონ არ მოინდომა, გესმით.

 

საშინელი ტკივილია ის, რომ აღარ არის.

ავტორი: თამარ გონგაძე

X