
67 წლის მარკ ო’მირას რა აღარ გადაუტანია – ეკონომიკური გაჭირვება, ქარიშხლები, მაგრამ ის სიტუაციასთან გამკლავებას ყოველთვის ახერხებდა და მის კინოთეატრშიც შუქი არასდროს ჩამქრალა. მაგრამ 29 წლის განმავლობაში პირველად, მას შემდეგ, რაც აშშ-მ კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, მარკს თავისი ორივე კინოთეატრის დახურვა მოუწია. ამის შესახებ variety წერს.
„ეს უბრალოდ საშინელებაა. ცხოვრების განმავლობაში არაერთი ტრაგედია გადამიტანია, მაგრამ არასდროს მქონია უძილობის ან მადის დაკარგვის პრობლემა. ახლა კი, 67 წლის ასაკში შუა ღამით მეღვიძება და ვეღარ ვიძინებ, რადგან არსებული მდგომაროება ძალიან მაწუხებს“,- ამბობს ო’მირა.
მისი თქმით, განსაკუთრებულად მაინც იმაზე წუხს, რომ თავისი თანამშრომლები, რომელთა უმეტესობაც 30 წელზე ნაკლები ასაკისაა, მუდმივი შემოსავლების გარეშე დარჩა. ამერიკაში ამჟამად მსგავს მდგომარეობაში მყოფი ადამიანების რიცხვი დაახლოებით 150 000-ია.
მიუხედავად იმისა, რომ მარკ ო’მირას კინოთეატრების ბილეთების გაყიდვა აღარ შეეძლო, გამოსავალი მაინც იპოვა: მაკდონალდსის „თან წაიღე“ სერვისის შთაგონებით, ბატიბუტის დიდი ულუფების გაყიდვა დაიწყო, თითო $3-ად.
ეს იდეა საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და დღეში საშუალოდ 300-400 დოლარს აგროვებს, რომელსაც თავის თანამშრომლებს უხდის.
„ამ ფულით ვიღაცას უკვე მაინც შეუძლია თავისი კუთვნილი დღიური ანაზღაურება მიიღოს. როცა ჩემს ერთ-ერთ თანამშრომელს თავისი წილი ხელფასი მივეცი, მან უცებ კალკულატორი ამოიღო, დაიანგარიშა და თქვა: „კი, ახლა შემიძლია ბინის ქირა გადავიხადო“. აი, ეს ყველაფერი სწორედ ამისთვისაა“,- ამბობს კინოთეატრების მეპატრონე.
როგორც მარკ ო’მირა აცხადებს, თანამშრომლებთან ერთად უკეთეს დღეში არც თვითონაა, რადგან არ იცის, შეძლებს თუ არ გადასახადების გადახდას, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ის ადარდებს, რომ კრიზისის ჩავლის შემდეგ ადამიანები სტრიმინგ სერვისებს მიეჩვევიან და კინოში ნაკლებად ივლიან.
„იმ დღეს პოპკორნი რომ იყიდა, ერთმა ქალმა მითხრა: „ოჯახთან ერთად ნეტფლიქსს უნდა ვუყუროო“. მე კი გული დამწყდა – „რატომ მეუბნებით ამას?“ ალბათ, ახლა ბავშვებთან ერთად სახლში თავს მყუდროდ გრძნობენ, მაგრამ მეშინია, რომ ამას მეტისმეტად მიეჩვევიან. იმედია, ასე არ მოხდება“.






















