08:19 | 2021-12-28 ავტორი: სალომე ნეფარიძე

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ასიმპტომური შემთხვევების დროს კარანტინის ვადა 5 დღემდე მცირდება

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების ასიმპტომური შემთხვევების დროს კარანტინის ვადა 5 დღემდე მცირდება

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა კოვიდინფიცირებული მოქალაქეებისთვის, რომლებსაც სიმპტომები არ აქვთ, იზოლაციის რეკომენდებული დრო 10-დან 5 დღემდე შეამცირა.

 

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ უსიმპტომო ადამიანებმა იზოლაციის შემდეგ ხუთი დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ.

 

აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციის თანახმად, არავაქცინირებულმა პირებმა და მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო mRNA ვაქცინის მეორე დოზა 6 თვეზე მეტი ხნის წინ, „ჯონსონის“ ვაქცინა კი 2 თვეზე მეტი ხნის წინ გაიკეთეს და „ბუსტერ“ დოზით არ აცრილან, ინფიცირებულთან კონტაქტის შემდეგ 5-დღიანი კარანტინი უნდა გაიარონ, შემდეგ კი, მომავალი 5 დღის განმავლობაში მკაცრად დაიცვან პირბადის გამოყენების წესი.

 

რაც შეეხება „ბუსტერ“ დოზით აცრილებს, ინფიცირებულთან შეხების შემდეგ მათ შეუძლიათ კარანტინი არ გაიარონ, თუმცა, 10 დღის განმავლობაში პირბადე უნდა ატარონ.

 

ცნობისთვის, აშშ-ის დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ აშშ-ში, კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების 73%-ი „ომიკრონ“ ვარიანტზე მოდის.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X