
დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ასთმის სამკურნალო პრეპარატი, ბუდესონიდი კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ, შესაძლოა, ვირუსისგან სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
პრეპარატი წარმოადგენს საინჰალაციო, ინტრანაზალურად ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდს. გამოიყენება ბრონქული ასთმის, ვაზომოტორული რინიტის, სეზონური და ალერგიული რინიტის სამკურნალოდ. პრეპარატის ღირებულება £14-ს შეადგენს.
ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრების თქმით, 50 წელს გადაცილებული ადამიანების შემთხვევაში ბუდესონიდის დღეში 2-ჯერ შესხურება, დაავადების საწყის ეტაპზე, შესაძლოა, საკმაოდ ეფექტური იყოს. მათივე თქმით, შესაძლოა, პრეპარატმა ჰოსპიტალიზაციის რიცხვის კლებასაც შეუწყოს ხელი.
ბუდესონიდი აღწევს ადამიანის ფილტვებამდე, რომელსაც კოვიდი ყველაზე მეტად აზიანებს და გამოჯანმრთელების პროცესს აუმჯობესებს.
„კვლევის შედეგებით აღფრთოვანებული ვარ“,- განაცხადა ინგლისის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის სამედიცინო დირექტორმა, პროფესორმა სტივენ პაუისმა.
კვლევაში მონაწილებას კოვიდის რისკ-ჯგუფში მყოფი 1 700-ზე მეტი ადამიანი იღებდა. ასაკობრივ ჯგუფს 50 წელს გადაცილებულები შეადგენდნენ.
კვლევის დაწყებიდან პირველი ორი კვირის შემდეგ, კვლევაში მონაწილე 751 ადამიანი, რომლებიც სახლში მკურნალობდნენ და სიმპტომები აღენიშნებოდათ, ბუდესონიდს დღეში ორჯერ იღებდნენ. მეორე ნაწილი კი მკურნალობის ჩვეულ წესს მიჰყვებოდა.
აღმოჩნდა, რომ ადამიანების ის ნაწილი, რომელიც ბუდესონიდს იღებდა, კორონავირუსისგან სამი დღით ადრე გამოჯანმრთელდა, ვიდრე ისინი, ვინც პრეპარატს არ იღებდნენ.
აღნიშნული სტატისტიკა მარტის ბოლოს გამოქვეყნებულ მონაცემებს ემყარება. კვლევის საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს გამოქვეყნდება.






















