
საქართველოში კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ყოველდღიურად მძიმდება.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორი სამედიცინო დაწესებულების გადატვირთულ მდგომარეობაზე საუბრობს. დავით გადელია შიშობს, რომ კლინიკაზე ზეწოლა პაციენტების მკურნალობის ხარისხზე აისახება.
მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალი ვაქცინაციაა. საქართველოში ერთ დღეში ჩინურ ვაქცინა “სინოფარმზე” რეგისტრაცია 11000-მდე ადამიანმა გაიარა.
თბილისში ამცრელ კლინიკებში ყველა ადგილი დაკავებულია. ქვეყანაში შემოსული 100 000 დოზა ვაქცინით 50 000 ადამიანი უნდა აიცრას. სპეციალისტები ამბობენ, რომ პრეპარატი ტრადიციულ მეთოდებზეა დამზადებული და გვერდითი მოვლენები მინიმალური აქვს.
ქვეყანაში, ამ ეტაპზე, “ფაიზერის” ორი ინექციით 4400 ადამიანია აცრილი. 15 მაისამდე ვაქცინირებულთა რიცხვი 14 000-მდე გაიზრდება. არ არის გამორიცხული, იმ მოქალაქეებს, რომელთაც ვაქცინის ორი დოზა მიიღეს, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა აღარ შეეხოთ.
ტიკარაძემ განმარტა, რომ საზოგადოებაში მცდარი მოლოდინია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ბიზნესსექტორს ავცრით, ქვეყანაში ტურისტი შემოვა.
„ამას ასე არ ვუყურებთ. ჩვენთვის უპირველესია საზოგადოების იმ მოწყვლადი ჯგუფების აცრა, ვისაც ვირუსი ყველაზე მეტად ემუქრება. მოქალაქეებში, რომლებიც 60-70 წელს ზემოთ არიან, ლეტალობა არის 7-9%. დაბალ ასაკში ეს ლეტალობა იკლებს, თუმცა, არსებობს გავრცელების რისკები. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის მუშაკებისთვის პრიორიტეტი რჩება მოწყვლადი ჯგუფები, თუმცა, როგორც დაინახეთ, ჩვენ გუშინ ახალგაზრდებსაც მივეცით საშუალება დაიწყონ აქტიურობა და აიცრან მათთვის სასურველი ვაქცინით. რაც შეეხება კონკრეტული სექტორის გამოყოფას და ვაქცინაციის ჩატარებას, ეს არის გარკვეული დაძალების ხერხი, რომელიც არ არის მისაღები. ასევე არ გვაქვს მოლოდინი, რომ თუ ჩვენ ჯანდაცვის სამინისტრო ვიტყვით, კი ბატონო, აცერით ტურიზმის სექტორი, ეს დამყოლობა გაიზრდება. ალბათ საჭირო გახდება გარკვეული იძულების წესების გამოყენება. ჩვენ კი ვთვლით, რომ ჩვენი მოქალაქეები ამისგან უნდა დავიცვათ და შევეცადოთ ნებაყოფლობით, გამჭვირვალე ინფორმაციის მიწოდებით დავარწმუნოთ ადამიანები ვაქცინაციის უსაფრთხოებაში და მის სარგებელში“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა
„ნუ დავიძაბებით იმით, რომ რაღაცას ვერ ვაკეთებთ. ყველაფერი კეთდება – ახალგაზრდებიც აიცრებიან, ხანდაზმულებიც აიცრებიან! არ არის საჭირო საზოგადოებაზე ზედმეტი ზეწოლა. ეს პროცესი ვითარდება, დადებითი დინამიკაა. უბრალოდ, საჭიროა მოთმინება, რომელიც სამწუხაროდ, ხშირად არ გვაქვს ხოლმე. დიდი იმედით ვუყურებ ამ პროცესს და ის ვადები, როდესაც უნდა გვყავდეს აცრილი საზოგადოების 60%, იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც საქართველოში ნიღბის ტარების მაჩვენებელი 81%-მდე გაიზარდა.
„პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩვენს ქვეყანას ნიღბის ტარების ასეთი მაჩვენებელი არ ქონია – 81%. იმედი ჩამესახა, რომ მესამე ტალღა შედარებით უმტკივნეულოდ „გადაგორდება”. თუმცა სამწუხაროდ მხოლოდ ეს კომპონენტი საკმარისი არაა,“ – კულუმბეგოვი.
ამირან გამყრელიძემ განმარტა, რამდენი ადამიანი რა ვაქცინით არის აცრილი საქართველოში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, პრეპარატები ასე გადანაწილდა:
AstraZeneca:
პირველი დოზით აცრილია 23 622 ადამიანი;
კიდევ დაჯავშნილია დაახლოებით 10 ათასამდე დოზა.
Pfizer:
პირველი დოზით აცრილია 13 782 ადამიანი;
პრეპარატის ორივე დოზა 4 397-მა ადამიანმა მიიღო.
გამყრელიძემ ასევე აღნიშნა, რომ Sinopharm-ზე რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს.
საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან.
ვირუსის თავისებურებიდან და გავრცელების მასშტაბებიდან გამომდინარე, სპეციალისტები სტატისტიკის მატებას უკვე ვარაუდობენ, საზოგადოებას კი მოახლოებული აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით რეგულაციების დაცვის აუცილებლობას კიდევ ერთხელ ახსენებენ.






















