
აჭარაში კორონავირუსით დაავადებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა, როგორც ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში, ასევე „მედალფას“ კლინიკაში.
მას კორონავირუსის ტესტი ორჯერ ჩაუტარდა, ორივეჯერ პასუხი უარყოფითი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ პაციენტი ბინაზე გაეწერა.
„პირველი ინფიცირებული პაციენტი განკურნებულია, მას გუშინ ჩაუტარდა კვლევა, რამაც აჩვენა, რომ ინფექცია აღარ აღენიშნებოდა, განმეორებით კვლევამაც იგივე აჩვენა, დღეს მოვიდა უარყოფითი პასუხი.
მედიკოსების რეკომენდაციით ის ბინაზე გაეწერა, სადაც რამდენიმე დღე თვითიზოლაციაში გაატარებს“,-განაცხადა ზაალ მიქელაძემ.
ცნობისთვის, აჭარაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 15 მარტს დადასტურდა.
ინფიცირებული საქართველოს მოქალაქე იყო.
ახალგაზრდა ქალს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი აეროპორტიდან კარანტინში იქნა გადაყვანილი სადაც მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















