15:07 | 2020-09-03 ავტორი: Prime Time

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ, რომ მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ, რომ მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში უარყოფენ გავრცეელებულ ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის მინისტრის ძმას კორონავირუსი დაუდგინდა.

 

„პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით კი, მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ძმას, რომელიც საკონდიტრო „დონას“ გორგასალის ქუჩაზე მდებარე ფილიალის მენეჯერია, კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

როგორც „პრაიმტაიმს“ წყარო უყვება, ლევან ნიჟარაძე „დონას“ მფლობელთან ნათესაური კავშირიც აქვს და ის ყოველთვის სამსახურში იმყოფებოდა.

 

„ლევანი უფროსის ნათესავი და მარჯვენა ხელი იყო. გვერდიდან არ იშორებდა უფროსი. სულ გორგასალის ფილიალში იყო, თუმცა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მეორე ფილიალშიც დადიოდა. ჩვენ ყველას ერთად ჩაგვიტარდა ტესტირება და მას დაუდასტურდა.

 

იმ 22 ინფიცირებულთა შორისაა, თუმცა ახლა სად იმყოფება არ ვიცი. იცით რა, შერჩევითია ყველაფერი. თანამშრომლებს არავინ არ გვაქცევს ყურადღებას, ტესტირება ჩაგვიტარეს, სახლებში გაგვიშვეს და მომკითხავი არავინაა. არ ვიცით რა გვჭირს.

 

არც მითითებები მოუციათ და არც კარანტინში გადაგვიყვანეს. არადა ყველას ოჯახში გვყავს ბავშვები და მოხუცები. არც ჩვენი ოჯახის წევრები გაუტესტიათ. თავს ძალიან დაუცველად ვგრძნობთ და გვეშინია, არ ვიცით როგორ მოვიქცეთ. დღეს თანამშრომელმა დამირეკა, ერთ-ერთს სიცხე აქვსო, თან ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად სახლში იმყოფება და არავინ არ შეხმიანებიაო. პანიკაში ვართ“, – გვიყვება „დონას“ ერთ-ერთი თანამშრომელი.

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 6 აჭარაში გამოვლინდა
2020-09-03კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, 6 აჭარაში გამოვლინდა

აღნიშნულ ფაქტებს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში არ ადასტურებენ. როგორც „პრაიმტაიმს“ სამინისტროში უთხრეს, მინისტრის ძმას კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

 

„ნინო ნიჟარაძის ძმა იყო დასაქმებული საკონდიტრო „დონაში“, თუმცა მას ამ ეტაპზე კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ის ოჯახთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

რაც შეეხება ნინო ნიჟარაძეს, მას ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძმასთან და ოჯახის წევრებთან უშუალო კონტაქტი არ ჰქონდა. გამომდინარე აქედან, არ იყო საჭიროება მინისტრის თვითიზოლაციაში გადასვლის.

 

რაც შეეხება თანამშრომლების ტესტირების და კონტროლის საკითხს, ოთხმოცივე თანამშრომელი და მათი ოჯახის წევრები გაიტესტა, ვისაც არ დაუდასტურდა, გადაყვანილი არიან კარანტინში. ვისაც არ ჰქონდა კარანტინში გადასვლის სურვილი, მიეცათ რეკომენდაციები და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

 

აჭარის ჯანდაცვის ცენტრს თითოეულ თანამშრომელთან სატელეფონო კონტაქტი აქვთ. 72 საათის შემდეგ ისევ მოხდება მათი ტესტირება. ის, რომ სიცხიანი თანამშრომელი სახლში იმყოფება ან არ კონტროლდება სიტუაცია, არის ტყუილი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ავტორი: Prime Time

X