17:19 | 2021-05-10 ავტორი: თამარ გონგაძე

“ათი წლის წინ რატომ არ გავიცანი ეკა…” – რა სიურპრიზი მოუწყო იუბილარ გია დავითიანს ახლადშერთულმა ცოლმა

“ათი წლის წინ რატომ არ გავიცანი ეკა…” – რა სიურპრიზი მოუწყო იუბილარ გია დავითიანს ახლადშერთულმა ცოლმა

მომღერალი გია დავითიანი 62 წლის გახდა. იუბილარ მომღერალს ახლადშერთულმა მეუღლემ, ეკა არჩვაძემ, საიუბილეო ტორტის სიურპრიზი, ორჯერ მოუწყო. ერთი ტორტი პერსონალურად, ღამის 12 საათზე მიართვა, მეორე – ვიწრო საახლობლოთი დახუნძლულ სუფრასთან.

 

მომღერალმა და ექიმმა სულ სამი თვეა რაც იქორწინეს და ჯერ კიდევ “თაფლობის თვის” სიამტკბილობა აქვთ. დროის დიდ ნაწილს გიას აგარაკზე, ბროწეულაში ატარებენ. ახლადდაქორწინებულ წყვილთან სტუმრობა მრავალრიცხოვან სამეგობროს მუდმივად სურს. ეკა და გია კი პანდემიის დასრულებას ელოდებიან, რომ გრანდიოზული ჯვრისწერა გადაიხადონ და ნაწყენიც არავინ დარჩეთ.

 

2021-03-12"მეორედ ქორწინებაზე არ მიფიქრია. თვითონაც გაოგნებული ვარ, რანაირად მოახერხა გიამ ეს" - გია დავითიანმა ოთარ ტატიშვილის ყოფილ ცოლზე იქორწინა

 

გია დავითიანი: – უბედნიერესი კაცი ვარ, რომ ასეთი ყურადღებიანი, თბილი, მოსიყვარულე და მზრუნველი მეუღლე მყავს. ისეთი რამ, რაც ეკამ გააკეთა, ჩემთვის არავის გაუკეთებია.

 

ბროწეულაში სახლთან ახლოს მეორე სახლი მაქვს, რომელსაც “ხიჟინას” ვეძახით, საქეიფო გარემოთი. “ალილოს” მუზეუმია, მთელი განვლილი გზით, ისტორიებით დახუნძლული. ჩემი ძმაკაცები ხუმრობით, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმს ეძახიან.

 

მოკლედ, დაბადების დღის სუფრისთვის სახლში ვამზადებდი დეკეულს ტყემალში… ღამის 12 საათია, 9 მაისი იწყება, ჩემი დაბადების დღე. ეკამ დამირეკა, “ხიჟინაში” გადმოირბინეო. გადავირბინე და ბნელა ხიჟინაში. უცებ ეკა გამოდის სიმღერით – “რა ლამაზი დღეააა”… ანთებული შაშხანებით, ტორტით და რიტუალით…

 

 

 

ვიფიქრე, ტორტით უკვე დაბადების დღე მომილოცა-მეთქი და აღარ მქონია კიდევ ტორტის მოლოდინი. მაგრამ სუფრასთან ისეთი ტორტი გამოიტანა, საქსოფონით, რომ ხელოვნების ნიმუში იყო. რომელზეც ეწერა “მხოლოდ ჩემი”. მეც ასე ვიტყოდი, “მხოლოდ ჩემი ეკა”…

 

 

მეგობარმა გიტარა მოიტანა თავისი გამაძლიერებლით, ვიმღერეთ, მოვილხინეთ…

 

9 მაისი ძალიან მიყვარს და მით უფრო ბროწეულაში ამ დღის აღნიშვნა. პირველად რომ აქ დავსახლდი, როგორი მაყალი მქონდა, იცით? მიწაზე რომ აგურებს დაალაგებ, ისე დაიწყო აქ მწავდის შეწვა. დღეს სამი მაყალი და სამი ბუხარია. ეზოში ტყემალი გვიდგას. ეკუნამ გააკეთა მწვანე ტყემალი. მოგეხსენებათ, როგორ უხდება ბევრ კერძს…

 

იცით, ერთი გულის წყვეტა მაქვს, ერთი, ათი წლის წინ რატომ არ გავიცანი ეკა. ათი წლით უფრო მეტ დროს გავატარებდით ერთად, ათი წლით წინ ვიქნებოდით. თუმცა ხო მაინც ერთად ვართ და როცა ხდება, ესეც ძალიან მაგარი ყოფილა.

 

– რამე ახალი სიმღერა ხომ არ მიუძღვენით?

 

– ორი თვის წინ ხომ მივუძღვენი? კიდე ახალი? რეზო ვარ, ლაღიძე?!

 

 

– ჯვარს როდის იწერთ?

 

– ჩვენი ჯვრისწერა პანდემიაზეა დამოკიდებული. თუ რამე სუფრა გავაკეთეთ, ყველას ხომ ვერ დავუძახებდით და “ფეისბუქზე” რომ ვიღაცა ჩვენთან სტუმრობისას გადაღებულ ფოტოს დადებს, უნდა ნახოთ, ბუზღუნი, “არ გრცხვენია? ერთხელ მეც დამიძახეო.” ბევრი ნაწყენი დაგვრჩა. ღმერთმა ქნას, ისე ჩაიაროს ყველაფერმა ჯვრისწერაც ისეთი გავაკეთოთ, როგორიც ჩვენს სიყვარულს შეეფერება.

ავტორი: თამარ გონგაძე

X