
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მზადაა, სააღდგომო წირვა სპორტულ მოედანზე ჩაატაროს. ამის შესახებ მეუფე ანტონმა „ფორმულასთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, აღდგომის დღესასწაულზე, წირვას ყველა იმ რეკომენდაციის დაცვით ჩაატარებს, რომელიც საპატრიარქოსგან აქვთ. ამასთან, მეუფე ანტონი საზოგადოებას სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობის დაძაბვაში ადანაშაულებს.
„ატომური ბომბი რომ ჩამოვარდეს, აღდგომის დღესასწაულს და საერთოდ ზიარებას არ შევწყვეტთ დედამიწაზე. მე მაგალითად, იმასაც ვფიქრობ, რომ სტადიონზე ჩავატარო აღდგომის წირვა. ყველას შეუძლია განთავსდეს ერთმანეთისგან შორს, თავის დინამიკებით. ამას ჩვენ გავაკეთებთ, მაგრამ წირვა რომ შევწყვიტოთ და მსახურება ეს წარმოუდგენელია. ყველა სპექტრი თითქოს აკეთებს იმას, რომ ჩვენსა და ხელისუფლებას შორის დაძაბოს სიტუაცია“, – აღნიშნა მეუფე ანტონიმ.
ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა 148-ს შეადგენს.
- 24 საათში გამოვლინდა კანონდარღვევის 706 ფაქტი. გამოიწერა 2 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ჯარიმა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















