
ქვეყანაში გართულებული სესხის აღების გამო მოქალაქეებს ხშირად უწევს კერძო მევახშეს მიმართოს, რადგან შემოსავლების დადასტურება არ სჭირდება.
გამარტივებული სესხის აღების ფონზე, კერძო მევახშეების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებული პირობები ბევრად რთულია, ხშირად ისინი უძრავ ქონებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებას აფორმებენ და სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში ქონებას ეპატრონებიან.
როგორც “საზოგადოება და ბანკების” პრეზიდენტმა, გიორგი კეპულაძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა, ძირითადად მევახშეების ინტერესი უძრავი ქონების დაპატრონება ან დიდი ხნის განმავლობაში მაღალი საპროცენტო სარგებელის მიღებაა.
მისივე თქმით, ყოველწლიური სტატისტიკის მიხედვით, აუქციონის წესით გაყიდული ქონების ნახევარი სწორედ კერძო მევახშეებზე მოდის. ყოველწლიურად ისინი უფრო მეტ ქონებას ეპატრონებიან, ვიდრე ბანკები ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.
„მთავარი პრობლემა მევახშეებთან დაკავშირებით სწორედ ის არის, რომ არ არსებობს არანაირი სტატისტიკა, არ ვიცით, რა თანხები აქვთ გასესხებული, რამდენ ადამიანზე, მხოლოდ იმით თუ ვიმსჯელებთ, რა ინფორმაციაც გვესმის ჩვენი წრიდან. ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკიდან გამომდინარე, შემოდის ინფორმაციები, როდესაც ადამიანს, რომელმაც ვერ აიღო ბანკში სესხი, მოუწია კერძო მევახშესთან მისვლა და საკმაოდ მძიმე ხელშეკრულებაზე ხელმოწერა. უნდა გავიაზროთ, რომ როდესაც ხელს აწერს ადამიანი ასეთ ხელშეკრულებას, რა თქმა უნდა, ის იღებს გარკვეულ პასუხისმგებლობებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გაეცნოს ასეთ ხელშეკრულებას და არ მოაწეროს ხელი. მესმის, რომ ხშირად მას ძალიან სჭირდება ეს თანხა, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც წესი, თუ ბანკი სესხს არ გაძლევს, ჯობია, სესხი საერთოდ არ აიღო. ბანკს ყოველთვის უნდა, რომ მოგცეს სესხი და არ გაძლევს მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ვერ აკმაყოფილებ გარკვეულ პირობებს – თუ არ გაქვს სტაბილური შემოსავალი და არ ხარ მისთვის საიმედო.
მევახშეების შემთხვევაში ხშირად დაინტერესება არის უძრავი ქონების დაპატრონება, ამიტომ ისინი უძრავ ქონებას უფრო იაფად აფასებენ, ვიდრე მისი რეალური ღირებულებაა, შეფასებული თანხის ნაწილს აძლევენ სესხად. თუ შეაფასებენ ბინას 50 000 დოლარად და სესხს მიცემენ 10 000 ან 20 000 დოლარს, ეს იმიტომ, რომ ნებისმიერ სიტუაციაში, გაყიდვის დროს მაინც რომ მოგებულები დარჩნენ, სულ რომ ვერ დააბრუნოს ადამიანმა სესხი. იქ ძირი არ იფარება, მხოლოდ პროცენტი შეაქვთ ადამიანებს და ძირი მერე ერთიანად დასაფარი გახდება. პირობითად, 10 000 დოლარზე თვეში რომ 300 დოლარს იხდი პროცენტს, ეს 10 000 დოლარი რჩება საკმაოდ დიდ თანხად, რომელსაც ვერ დაფარავენ დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანები და მევახშეებს ასეთები მიმართავენ.
თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ჩვენი ორგანიზაცია ყოველ წელს აქვეყნებს აღსრულების ბიუროს მიერ აუქციონის წესით გაყიდული ქონების სტატისტიკას, სადაც ჩანს, რომ აუქციონის წესით გაყიდული უძრავი ქონების ნახევარი მოდის სწორედ კერძო მევახშეებზე, ანუ წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი სესხი აქვთ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაცემული, მაგრამ ისინი პროცენტულად წლიურად უფრო მეტ ქონებას ეპატრონებიან, ვიდრე ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. ეს ნიშნავს, რომ თავიდანვე მიზანი არის ან დიდი ხნის განმავლობაში მაღალი საპროცენტო სარგებელის მიღება, ან შემდეგ უძრავი ქონების დაპატრონება. მათი საქმიანობა, რა თქმა უნდა, არ არის აკრძალული ან უკანონო, კანონდარღვევა ამაში არაფერი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია, თავად მომხმარებელი იყოს ფრთხილად, გაეცნოს ხელშეკრულებას, კარგად დაფიქრდეს და თუ დარწმუნებული არ არის, რომ ის მოახერხებს ამ თანხის დაბრუნებას, ჯობია სესხი საერთოდ არ აიღოს.
ადამიანები ხელშეკრულებას ხელს აწერენ ისე, რომ არ კითხულობენ, ფიქრობენ ის სანქციები, რაც არის გაწერილი ამ ხელშეკრულებაში, მათ არ შეეშლებათ ანუ ცოტა ზერელე დამოკიდებულებაა. მესმის, ფულს სესხულობენ გადაუდებელი საჭიროების გამო, ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ან საპროცესო გარიგების გამო, მაგრამ როცა ხელს ვაწერთ, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად პასუხისმგებლობას ვიღებთ”, – განაცხადა კეპულაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბარში.






















