
თელავის რაიონული პოლიციის სამმართველოში, ცოლზე მოძალადე მამაკაცს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს.
„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან ხშირად ჩხუბობს. მას ფიზიკურად უსწორდება და გამუდმებით ფსიქოლოგიური ძალადობის სხვადასხვა ფორმას იყენებს.
ფაქტების გადასამოწმებლად, მამაკაცის მეუღლეს დავუკავშირდით, რომელმაც ინფორმაცია დაადასტურა.
„ჩემს ქმარს შემაკავებელი ორდერი ნამდვილად გამოუწერეს. ახლა, თითქოს დამშვიდებულია, მაგრამ არ ვიცი, ეს სიმშვიდე რამდენ ხანს გაგრძელდება.
ამ ხნის ქალი ვარ, პოლიციაში მისვლისაც მრცხვენია, თანაც როცა მივდივარ, თავს დამცირებულად მაგრძნობინებენ და ლამის ჩემი ქმრის ყველა ცუდ საქციელს მე მაბრალებენ. ახლაც ასე გამოვიდა, ორდერი კი გამოუწერეს, მაგრამ დამცინავად მექცეოდნენ- ყვება მოძალადის მეუღლე.
რამდენჯერაც დალევდა, იმდენჯერ ძალადობდა. ბოლო ხანს, თითქოს დამშვიდებული იყო, ეს რამდენიმე კვირაა, ისევ აგრესიულია. რამდენჯერმე დანაც მიფრიალა თვალწინ. აუცილებელია, რომ მომკლას და მაშინ მომხედავენ?
წასასვლელიც არ მაქვს, სახლი მისია და ამით მაშინებენ, რომ საკუთარ სახლში რასაც უნდა, იმას გააკეთებსო” – ამბობს ძალადობის მსხვერპლი.
მამაკაცი, რომელსაც მეუღლე ძალადობაში ადანაშაულებს, ქალბატონის ინფორმაციით, ალკოჰოლს ხშირად სვამს.
ძალიან ხშირად სვამს და სრულიად უმართავია. ეს თუ საკადრისად არ დაისაჯა, ძალიან საშიშია. არ მესმის, სამართალდამცველები რატომ არიან ლოიალურები და რატომ არ მიცავენ.
აქ რომ რამე უბედურება მოხდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი?- აცხადებს მოძალადის მეუღლე.
დღევანდელი მდგომარეობით, მოძალადე და მსხვერპლი ერთ სახლში ცხოვრობენ. შემაკავებელი ორდერის თანახმად, მამაკაცს ერთი თვის მანძილზე, მეუღლესთან მიახლოება ეკრძალება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი























