16:42 | 2020-04-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

ავსტრალიაში კორონავირუსის 2 პოტენციური ვაქცინა, ტესტირებას ცხოველებზე გადის

ავსტრალიაში კორონავირუსის 2 პოტენციური ვაქცინა, ტესტირებას ცხოველებზე გადის

ავსტრალიაში სამეცნიერო და ინდუსტრიული კვლევის ორგანიზაციამ (CSIRO), ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ინოვიოს ფარმაცეპტული კომპანიის კორონავირუსის ორი პოტენციური ვაქცინის ტესტირება ცხოველებზე დაიწყო. ამის შესახებ BBC წერს.

 

ავსტრალიის ეროვნული სამეცნიერო სააგენტო ამით შეაფასებს, რამდენად მუშაობს ვაქცინები და რამდენად უსაფრთხო იქნება ეს ადამიანისთვის.

 

კორონავირუსის პანდემიამ უპრეცედენტო სამეცნიერო კოლაბორაცია განაპირობა. ვაქცინაზე მუშაობა აშშ-ში გასულ თვეს დაიწყო. მათ ვაქცინის დატესტვის პროცესი ადამიანებზე დაიწყეს და ცხოველების ეტაპი გამოტოვეს.

 

ჩვეულებრივ, ეს პროცესი 1-2 წელს გრძელდება ხოლმე, ახლა ამას რამდენიმე თვე დაჭირდა, – ამბობს CSIRO-ს წარმომადგენელი, რობ გრენფელი.

 

როგორ იმუშავებს ეს ყველაფერი?

 

ავსტრალიელი მკვლევრები Sars-CoV-2-ის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ ორ ვაქცინას, ქრცვინებზე გამოცდიან. როგორც ჩანს ამ ცხოველებში კორონავირუსის გავრცელება, ადამიანის მსგავსია.

 

ტესტირებაში მყოფი ორი ვაქცინა მოქმედების მექანიზმით განსხვავდება. ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინა ვირუსის დეფექტურ მოდელს იყენებს. ანუ მასპინძელ ორგანიზმში კორონავირუსის ცილები მოთავსდება, რის საპასუხოდაც ცხოველი იმუნურ სისტემას გამოიმუშავებს. ანუ დაიმახსოვრებს ვირუსულ ცილას და შემდეგ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში, იმუნური პასუხი მზად ექნება.

 

ინოვიოს ვაქცინა, ცოტა განსხვავებულია. მისი შეყვანის შემდეგ, ორგანიზმი თავისით იწყებს კორონავირუსის ცილების გამომუშავებას და უცხო სხეულისადმი მდგრადობას იმუშავებს.

 

„ერთდროულად მრავალი მიდგომის შემოწმება მნიშვნელოვანია. ეს წარმატების მეტ შანსს გვაძლევს“,- ამბობს ავსტრალიის ცხოველთა ჯანმრთელობის ლაბორატოორის დირექტორი, ტრევორ დრიუ.

 

როდის გვეცოდინება ვაქცინის შედეგი?

 

ვაქცინების ცხოველებზე ტესტირების შედეგები, სავარაუდოდ, ივნისისთვის გახდება ცნობილი. წარმატების შემთხვევაში, ვაქცინები სხვადასხვა უნივერსიტეტებში დამატებით ტესტირებას გაივლიან.

 

მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინის დამზადება ყველას ეჩქარება და მეცნიერებს შორის ერთგვარი რბოლა მიმდინარეობს, ყველა წამლის კლინიკური ტესტირება 18 თვეს გასტანს, რათა უსაფრთხოების ნორმები და რეგულატორული ტესტები დაკმაყოფილდეს.

 

აშშ-ის რეგულაციების სპეციფიკიდან გამომდინარე, ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინას, სხვა ლაბორატორიაში, სხვა ცხოველზეც ტესტავენ.

 

ყველა პოტენციურ ვაქცინაზე ერთდროულად რამდენიმე ლაბორატორია და კომპანია მუშაობს.

 

„ეს არის საჯარო და კერძო სექტორის, ისევე როგორც აკადემიური სივრცის ჭეშმარიტი კოლაბორაცია. ვიმედოვნებთ კოოპერაციული სულისკვეთებით გამოყენებადი ვაქცინა მალე შეიქმნება“,- ამბობს გრენფელი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X