15:03 | 2020-09-27 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აზერბაიჯანი სრული სამხედრო მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს

აზერბაიჯანი სრული სამხედრო მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს

აზერბაიჯანი სრული სამხედრო მობილიზაციის აუცილებლობას ვერ ხედავს. ამის შესახებ აზერბაიჯანის მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებულ პროვოკაციასთან დაკავშირებით, უამრავი ჩვენი მოქალაქისგან მივიღეთ მიმართვა, რომ მათ სურთ იყვნენ მოხალისეები და წინა ხაზზე ბრძოლისთვის მზად არიან. მიუხედავად ამისა, მოქალაქეების სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება მოქმედი რეგულაციების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

მთიან ყარაბახში განვითარებული მოვლენების გამო, სომხეთმა საომარი მდგომარეობა და სრული მობილიზაცია გამოაცხადა.

 

ასევე, იხილეთ სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირების პირველი კადრები.

 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, სომხეთის მხრიდან დღეს დილით ფართომასშტაბიანი შეტევა განხორციელდა. შედეგად არის მსხვერპლი.

 

როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, მთიანი ყარაბაღის მიმართულებით შეტევა აზერბაიჯანის მხრიდანაა დაწყებული.

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანული ვერტმფრენისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდებას იტყობინება.

 

შეგახსენებთ, რომ ბაქოს და ერევანს წლებია კონფლიქტი აქვთ აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული რეგიონის, მთიანი ყარაბაღის გარშემო. სომხეთის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზერბაიჯანის ეს, ძირითადად სომხებით დასახლებული რეგიონი ადრეული 1990-იანი წლების ომით მოიპოვეს. ომს 30,000-მდე ადამიანი შეეწირა. კონფლიქტის გადაჭრის დიპლომატიურ მცდელობებს მნიშვნელოვანი პროგრესი არ მოჰყოლია.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X