
თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა და ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პროკურატურა დატოვეს.
ისინი გენერალურ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს შეხვდნენ.
როგორც მიხეილ რამიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკის საგამოძიებო ბიუროში უკვე გაგზავნილია მოთხოვნა, თუმცა ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.
ადვოკატის თქმით, გენერალური პროკურორის დაპირებების მიუხედავად, ოჯახი არ აპირებს გაჩერებას და მოითხოვს ექსპერტიზის ჩატარებას ავტომობილზე, თუ როდის დაიქოქა ბოლოს.
„როცა შევხდით მთავარ პროკურორს წარმოგვიდგინეს დოკუმენტები, მოსამართლის განჩინებები, რომ უკვე გადაგზავნილია მოთხოვნები და ჩართულობა იქნება, მაგრამ ეს გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული.
მზაობა არის გამოხატული, რომ მოწვეული იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ [გამოძიებაში], ყველაფერი, რაც დაკავშირებულია „ფეისბუქთან“ „გუგლთან“ და იმ ვებ საიტებთან, იმ ინფორმაციებთან, რაც იქნება მოძიებული.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რადგან გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული, სიმშვიდის საფუძველი გვექნება და დავწყნარდებით.
მოვითხოვეთ, რომ მოძიებული იყოს ისეთი აპარატი, რომელიც გამოიკვლევს, როდის მოხდა უკანასკნელად ავტომობილის დაქოქვა, გადაადგილება“, – ამბობს ადვოკატი.























