
გუშინ, პარიზში „ბალენსიაგას“ ახალი ჩვენება გაიმართა, რომელიც 10 Avenue Georges V-ზე მდებარე ბალენსიაგას თავდაპირველ სალონში მოეწყო. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის სივრცის რესტავრაცია მოხდა. ადგილზე მისულ სტუმრებს ისეთივე გარემო დახვდათ, როგორიც კრისტობალმა 1968 წელს დატოვა.
ჩვენებას სტუმრების შეზღუდული რაოდენობა დაესწრო. გარემოში წინასწარ განისაზღვრა სურნელიც. ამჯერად მან ჩვენების ჩატარების ადგილას Avenue Marceau-ზე მდებარე ეკლესიის სურნელის იმიტაცია შექმნა.
“მინდა დავამსხვრიო სტერეოტიპი, რომ Couture მხოლოდ ასაკოვანი მდიდარი ქალებისთვისაა. მინდა ვცადო როგორი იქნება Couture მამაკაცი მყიდველისთვის. ჩემთვის Couture -ში სქესი რელევანტური არ არის, თუმცა თავისთავად ცხადია, რომ საღამოს კაბებს კაცებს არ მოვარგებ, რადგან არ მინდა ყველაფერმა ზედმეტად კოსტიუმირებული სახე მიიღოს. ისტორიიდან გამომდინარე, ძალიან რთულია გარკვეული ტიპის სამოსი „უსქესო“ იყოს. ეს გამოწვევაა.“ – განაცხადა ჩვენების შემდეგ პირველივე ინტერვიუში დიზაინერმა.


“მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საქმე მიყვარს, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარულია, არა მხოლოდ ჩემი მეუღლისადმი, არამედ საკუთარი თავის სიყვარული. არასდროს დავაყენებ საქმეს საკუთარ ჯანმრთელობაზე, პირად ცხოვრებაზე და დილით ჩემს ძაღლებთან ერთად სირბილზე წინ. ეს სიბრძნე ჩემთან 7 არასტაბილური და ტურბულენტური წლის მერე მოვიდა, როდესაც ორი კომპანიისთვის ვმუშაობდი, კვირაში ერთხელ დავფრინავდი, სამსახურისთვის თავს ვწირავდი. მაგრამ მივხვდი, რომ საქმეს კარგად ვერ შევასრულებ, თუ ჩემი პრიორიტეტი მე არ ვიქნები, თუ ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი არ ვიქნები, თუ არ შემეძლება დედაჩემს დრო დავუთმო. ზოგჯერ, მოდაში, ასეთი რაღაცები გავიწყდება.” – ესეც კიდევ ერთი ციტატა ინტერვიუდან.
ახლა კი რაც შეეხება ჩვენებას:
„მინდოდა სალონში ისეთივე სუნი ყოფილიყო, როგორიც ეკლესიაშია. ჩემთვის ბალენსიაგა იმდენად მოდის რელიგიაა, რამდენადაც ეს შესაძლებელია,” – დემნა გვასალია.
ფრანგულ „ვოგთან“ საუბრისას დემნა გვასალიამ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა, თუ როგორ ხედავდა საქართველოს ბავშვობაში.
მან ისიც აღნიშნა, რომ „ძალიან ქართველია“.
„ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველო ისეთი დახურული იყო, უცხოეთიდან ინფორმაცია არ გვქონდა. ჩემთვის მოდა სრულყოფის მიუღწეველი იდეალი იყო.
ბებიაჩემი წარმოშობით ფრანგი იყო და მისმა სტილმა ძალიან შთამაგონა – ვიცი, კლიშეა, რომ შენს ბებიას შთააგონებ, როდესაც გეი დიზაინერი ხარ (იცინის). თავისებურად ის ძალიან ექსცენტრიული იყო, მას უამრავი შავი, მაქმანიანი სამოსი ეცვა და მე ეს საფრანგეთის მოდად მიმაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს უფრო გოთური იყო…
სანამ გავიგე მოდის ისტორია, მივხვდი, რას ნიშნავდა „ფრანგული ჩიკი“. მე ასევე ვიტყოდი, რომ მე გავიზარდე ისეთ კულტურაში, რომელიც სტილით იყო ცნობილი. იქ სტილის გრძნობა დაკავშირებული იყო რელიგიასთან, კულტურასთან, იყო უამრავი ჩაცმის კოდი, მუქი ფერები, ქალებს არ აცვიათ მოკლე ქვედაკაბა, მხოლოდ კალთები მუხლქვეშ და ა.შ. მოკლედ, მე გავიზარდე ძალიან კოდიფიცირებული და ნორმატიული მოდის კულტურაში, მკაცრი, ძალიან ჰგავს ესპანეთის, ან ბასკურ კულტურას, რამაც ხელი შეუწყო კრისტობალთან მიახლოებას.


“ბალენსიაგა ფრანგი არ იყო, არც მისი სტილი იყო ფრანგული. ის ძალიან ესპანელი იყო, მე ძალიან ქართველი ვარ” (იცინის). ”






















