
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ვასილ მაღლაფერიძე, პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის 2013 წლის კომენტარს „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე აზიარებს, სადაც ბაქრაძე მის მიმართ განხორციელებულ თვალთვალსა და მიყურადების ფაქტზე საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე იყო, აღნიშნული ფარული ჩანაწერების არსებობის შესახებ არ იცოდა.
„ეს ისე ყოველი შემთხვევისთვის, ზოგიერთ “ჯიუტ ბეკეკას” იმის დასტურად, აწარმოებდნენ თუ არა ფარულ ჩაწერებს სააკაშვილის დროს?! ქვეყნის მეორე პირი და საკუთარი გუნდის წევრი ჰყავდათ ობიექტივის ქვეშ და სხვას დაინდობდნენ?! როგორ ფიქრობთ, რისთვის სჭირდებოდათ ასეთი მასალები და ახლაც სათუთად ხომ არ ინახავენ ჩანაწერებს თავის შავ თუ ბნელ არქივში?!”,- წერს ვასილ მაღლაფერიძე და იქვე აქვეყნებს დავით ბაქრაძის მიერ 2013 წელს გაკეთებულ განცხადებას.
დავით ბაქარაძე, 2013 წელი:
“როგორც გადმოცემით ვიცი, ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, რაც ჩემს სიტუაციას სრულიადაც არ ამარტივებს და კარგად სრულიადაც არ მაჩენს. როცა ქვეყნის მეორე პირს გწერენ, ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაწერებიც არსებობს, არ ვიცი რა, მაგრამ რაღაც ჩანაწერები არის”, – განაცხადა ბაქრაძემ.






















