
ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომა დღეს უნდა გამართულიყო, თუმცა 24 აგვისტოს ჩაინიშნა.
სპორტსმენის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველი, ანა აბაშიძე ამ ფაქტს სასამართლოს მხრიდან საქმეზე დამატებითი ინფორმაციის დამუშავების პროცესს უკავშირებს.
„გამოძიების მხრიდან, საჭიროდ ჩაითვალა, რომ სჭირდებათ ცოტა მეტი დრო. გამოძიება ამუშავებს სხვა ეპიზოდებსაც… თეორიული შესაძლებლობა ყოველთვის არის, რომ ბრალის დადგენილება შეიცვალოს“, – ამბობს ადვოკატი ანა აბაშიძე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000- ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
გარდა ამისა, ბასილაშვილს სასამართლომ შემაკავებელ ორდერთა ნაწილიც მოუხსნა. ერთ-ერთი მათგანი მცირეწლოვანი შვილის ნახვას ეხება და ეს ორდერი ამჟამად უკვე გაუქმებულია.
ბასილაშვილი აქტიურ სავარჯიშო პროცესს აგრძელებს და პანდემიის შემდეგ გასამართ ATP-ის პირველი ტურნირისთვის ემზადება. იგი აშშ-ში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება და მზადების დასკვნით ეტაპს ადგილზე გაივლის.























