
“გააზიარე სიყვარული” – ნიკოლოზ ხომასურიძის ისტორიულ რომანტიკული ფანტასტიკის გადაღება ათ დღეში გაგრძელდება. რეჟისორი ფილმს, უბიუჯეტობის გამო, ლუფტებით იღებს.
ფილმის დაფინანსების მოსაპოვებლად რამდენიმე დღეში აქტიურ კამპანიას იწყებს.
„ფილმის ბიუჯეტი საკუთარ სახსრებზე და წინასწარ გაყიდულ ბილეთებზე დაყრდნობით შედგება. როგორც “ექვთიმე” გადავიღეთ, ხალხის მიერ გაღებული თანხითა და მხარდაჭერით, ასევე ვაპირებთ ამ ფილმის გადაღებას.
სხვა შანსი არ გვაქვს, ვინაიდან ეროვნულ-პატრიოტულ-ისტორიული ფილმს მხარდაჭერას არ უწევს სახელმწიფო, არ აინტერესებს. არც ბიზნესია დიდად ჩართული, ამიტომ პირადად მოძიებული სახსრებითა და ხალხის მხარდაჭერით ვაპირებთ გადაღებას. თუ ვინმე შემოგვიერთდება, ძალიან გაგვიხარდება” – ამბობს ხომასურიძე.
ფილმი იმით არის საინტერესო, რომ მასში ცნობილ იმუნოლოგს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს – თენგიზ ცერცვაძეს ვიხილავთ. ბატონი თენგიზი თანამედროვე ეპოქის გმირად არის გამოყვანილი. თამაშზე ადვილად დათანხმებია.
ნიკოლოზ ხომასურიძე: – ათ დღეში პავილიონს მოვამზადებთ, დავნიშნავთ გადაღების დღეს, ბატონი თენგიზის გრაფიკს მოვერგებით და მოვიყვანთ გადასაღებ მოედანზე.
პავილიონში რეანიმაციის ოთახი უნდა მოვაწყოთ, საწოლით, აპარატურით. ბატონი თენგიზის სცენა პაციენტთან გვექნება სცენა.
ბატონი თენგიზი გამოხატავს იმ საზოგადოებას, რომელმაც თავისი დიდი წვლილი შეიტანა კოვიდთან ბრძოლაში. ფილმში მისი გადაღება ექიმების პატივისცემის სიმბოლო იქნება. ბატონი თენგიზი ამ ფილმით ისტორიას დარჩება.
როგორც ნიკოლოზი გვიმხელს, ფილმი სიყვარულზე, კარანტინსა და დროში მოგზაურობაზეა. მთავარი გმირები ჩვენი ქვეყნის მთავარ ისტორიულ, ეროვნულ გმირებს ხვდებიან, მათ შორის – დავით აღმაშენებელს, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეებს, ნიკო ფიროსმანსა და მარგარიტას, ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილს, დავით სარაჯიშვილს…
























