13:48 | 2020-09-25 ავტორი: Prime Time

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

აჭარის მთავარი კოვიდკლინიკის, რესპუბუკური საავადმყოფოს დირექტორს, სოლომონ ფუტკარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სოლომონ ფუტკარაძე „პრაიმტაინიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ის ამჟამად ბინაზე მკურნალობს და თავს კარგად გრძნობს.

სოლომონ ფუტკარაძის ინფორმაციით, მისი ინფიცირების წყარო არის ახლობელი და არა კლინიკა.

„რამდენიმე დღის წინ კონტაქტი მქონდა ახლობელთან, რომელსაც ვირუსი დაუდასტურდა. როცა ეს ინფორმაცია გამაგებინა, ანუ წინა კვირის ხუთშაბათს, ჩავიტარე ტესტირება და კოვიდდადებითი აღმოვჩნდი. თუმცა თავს კარგად ვგრძნობდი და სიმპტომები არ მქონდა. რამდენიმე დღე კლინიკაში ვიყავი მოთავსებული, ჩამიტარდა ყველანაირი გამოკვლევა, კომპიუტერული ტომოგრაფია. არც პნევმონია და არც სხვა სიმპტომი არ აღმომაჩნდა. როდესაც ახალი პროტოკოლით შესაძლებელი გახდა უსიმპტომო პაციენტების ბინაზე მკურნალობა, გადავედი სახლში. მაქვს ამის საშუალება, ვიყო იზოლირებულად. ახლა ბინაზე განვაგრძობ მკურნალობას და ვიმყოფები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. დღეს განმეორებითი ტესტი ჩავაბარე, იმედია პასუხი უარყოფითი იქნება. სამ დღეში ანუ მე-12 დღეს, პროტოკოლის თანახმად, კვლავ გავიტესტები და თუ ისევ უარყიფითი იქნება პასუხი, დავუბრუნდები სამსახურს. თავს კარგად ვგრძნობ“, – აცხადებს სოლომონ ფუტკარაძე.

 

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: Prime Time

X