14:41 | 2020-08-29 ავტორი: თეონა აბესაძე

ბათუმის „სანაპიროს სირინოზები” – ტურისტული სეზონის ყოველდღიური რეალობა

ბათუმის „სანაპიროს სირინოზები” – ტურისტული სეზონის ყოველდღიური რეალობა

მაშინ როცა ზაფხული ყველა ადამიანისთვის შვებულებასთან, ზღვასთან, მზესთან, სითბოსა და გართობასთან ასოცირდება, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე, თაკარა მზეზე, ზღვის სანაპიროს ათასნაირი ნივთებითა და პროდუქტით დატვირთული, ლუკმაპურის საშოვნელად მიუყვებიან. არასრულწლოვნები მშობლებთან ერთად ან მარტო, მოხუცები და ახალგაზრდები, მძიმე ტვირთით, ყოველდღე ასობით კილომეტრს გადიან, ხიდის ქვეშ რამდენიმე წუთით შეისვენებენ, სულს მოითქვამენ, ერთმანეთს გაამხნევებენ და გზას აგრძელებენ.

 

ამ ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე წუწუნი და საუბარი არ უყვართ. ცხოვრებისეულ სიმძიმეებს იუმორით უმკლავდებიან. საკუთარ ამბებს ანეკდოტებივით ჰყვებიან და პრობლემებზე ლაპარაკს თავს არიდებენ. ბათუმის „სანაპიროს სირინოზები“ მომავალს იმედიანად უყურებენ, თუმცა ყველა მათგანის თვალებში უსაზღვრო სევდა გამოსჭვივის.

 

 

ყოველდღიური პრობლემების მიუხედავად, ამბობენ, რომ დღვანდელი მთავრობის კმაყოფილი არიან, რადგან ახსოვთ, რა გადაიტანეს წინა ხელისუფლების დროს, როცა ზღვის სანაპიროზე ვაჭრობის უფლებაც კი შეეზღუდათ და ფაქტობრივად, ლუკმაპურის გარეშე დარჩნენ.

 

ინტერვიუზე არ მთანხმდებიან, რადგან საკუთარი პრობლემებით ხელისუფლების შეწუხებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევენ. ცოტა ჩვენც უნდა გავიჭირვოთ, ხელი შევუწყოთ, ნაკლები მოვითხოვოთ, მეტი მოვინდომოთ და ყველაფერი გამოვაო, ამბობენ.

 

მაინც ბევრი ვისაუბრეთ და ინტერვიუს გარეშე წამოვედი. რამდენიმე ნაბიჯი გამოვიარე და ერთ-ერთი მათგანი, ცეზარ ციმნარიძე დამეწია. მორიდებით მითხრა, სხვების თანდასწრებით თავი შევიკავე, მაგრამ ერთი სათხოვარი მაქვს ხელისუფლებასთან, თუ დაწერთ გეტყვითო.

 

ცეზარი 23 წლისაა და უკვე შვიდი წელია, სანაპიროზე ცივ სასმელებს ყიდის.

 

„15 წლის ვიყავი, ცოლი რომ მოვიყვანე. ჩემი რჩეული 17 წლის იყო. ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი და გავიპარეთ. მშობლებსაც წინააღმდეგობა არ გაუწევიათ, მიგვიღეს ჩვეულებრივად. მაშინ არ ვფიქრობდით ცხოვრებისეულ სირთულეებზე, სამყაროს შეყვარებული თვალებით ვუყურებდით და ყველაფერი ფერადი და მარტივი გვეჩვენებოდა.

 

ახლა ორი მცირეწლოვანი შვილი მყავს, შვიდი წლის გოგო და წლის და რვა თვის ბიჭი. ვცხოვრობთ ქირით, მე ჩემი ცოლი, შვილები და დედა. 120 ლარს ვიხდი ბინაში და კი მიხვდებით, ამ ფასად როგორი ბინის ქირაობაა შესაძლებელი. მეუღლე ვერ მუშაობს, შვილებს და ჩემს დედას უვლის. ოჯახში შემომტანი მე ვარ. დედა პენსიონერია, პირველი ჯგუფის ინვალიდი. სოციალურად დაუცველები ვართ. ვიღებთ დახმარებას. დედას პენსია აქვს, მე ვშრომობ, რაც შემიძლია და ასე გაგვაქვს თავი. ძალიან გვიჭირს.

 

ზაფხულობით ზღვის სანაპიროზე ვმუშაობ. ძალიან ძნელია. დილის რვა საათიდან საღამოს 8-9 საათამდე დავდივარ. დღეში, ალბათ, 40 კილომეტრს მაინც გავდივარ. თან ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, ბავშვობიდან გული მაწუხებს და საოპერაციო ვარ. წინა ხელისუფლების დროს მივმართეთ დახმარებისთვის, მაგრამ უარი გვითხრეს დაფინანსებაზე. მერე აღარ მიმიმართავს. ახლა გავიგე თქვენგან, არ ვიცოდი, ჯანდაცვის სამინისტრო სხვადასხვა ოპერაციას რომ აფინანსებს.

 

ძალიან მძიმეა აქ მუშაობა. თან წელს ტურისტების ნაკლებობაა, კორონა ვირუსის გამო და ვაჭრობაც არაა. ადრე დღეში 20-30 ლარი გამომდიოდა, სეზონზე 3-4 ათას ლარს ვაკეთებდი. წელს 1000 ლარი გავაკეთე. დღეს მაგალითად 19 ლარი ვივაჭრე, ეს ძალიან ცოტაა. რაში უნდა მეყოს?

 

ზოგჯერ ტურისტები ხურდას გვჩუქნიან. გუშინ, მაგალითად, ერთ-ერთმა ხუთლარიანი მომცა და სამი ლარი ხურდა არ გამომართვა. არიან ისეთებიც, ვინც საყვედურს გვეუბნება და ბრაზდება, ძვირად ყიდითო. შეიძლება მართალი არიან, მაგრამ ჩვენიც ხომ უნდა გაიგოთ, მთელი დღე ამ სიცხეში გარეთ ვართ ლუკმაპურისთვის და იმ ფასად ვერ გავყიდით, როგორც მაღაზიაში ღირს.

 

სეზონის დასრულების შემდეგ, ყველგან ვმუშაობ, სადაც შეიძლება: ხან დღეში თხუთმეტ ლარად ტრაილერებს ვტვირთავ, ხან ჯართს ვაგროვებ და ვაბარებ. ადრე თურქეთში თხილზეც დავდიოდი. მოკლედ, რა სამსახურიც გამოჩნდება, ვთანხმდები,  რომ ფული ვიშოვო და შვილებს საჭმელი არ მოვაკლო. ამის გარდა, აუცილებლად ხომ უნდა გადავიხადო ბინის ქირა და კომუნალურები.  ათასი რამაა საჭირო ოჯახში.

 

არანაირ სამსახურს არ ვთაკილობ, ნეტა მუდმივი სამუშაო მექნებოდეს. მეშინია გათენების. სამუშაო რომ არ გამოჩნდეს და ფული ვერ გამოვიმუშაო, სახლში რა მივიტანო? მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვახერხებ შვილების ყველაფრით უზრუნველყოფას. ამასწინათ გოგომ მთხოვა რაღაცის ყიდვა, ფული არ მქონდა, ძალიან განვიცდი ასეთ დროს, ვითრგუნები. თავს არ ვზოგავ, მაგრამ ისე არ გამოდის, როგორც საჭიროა.

 

ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და ოცნებაა, რომ ბინა მქონდეს. მინდა, თქვენი საშუალებით ხმა მივაწვდინო ხელისუფლებას და მთავრობას. ვიცი, ყველა გაჭირვებულს ეხმარებიან, ქვეყნისთვისა და ხალხისთვის ზრუნავენ. ვიცი, ამხელა ქვეყანაში ასე ერთბაშად ყველას ვერ დაეხმარები, მაგრამ იქნებ გამოინახოს რაღაც საშუალება, რომ ჩემი პატარა კუთხე მომცენ.

 

არ მინდა დიდი ბინა, არც – ცენტრალურ უბანში, არც – გარემონტებული. ერთოთახიანიც მეყოფა, ოღონდ იყოს ჩემი, სადაც შემეძლება ჩემს ოჯახთან ერთად ცხოვრება და ქირა გადასახდელი არ მექნება. ვიცი, ჩემი შრომით ვერასდროს შევძლებ ბინის ყიდვას“.

 

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: თეონა აბესაძე

X