15:30 | 2021-08-02 ავტორი: Prime Time

ბათუმში დიჯეიზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა 

ბათუმში დიჯეიზე ძალადობის ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა 

30 ივლისს, ბათუმში, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ლ.ჭ-ს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ „სფეროს’’ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, იძალადა ჰ.ვ.მ.-ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

„ჰ.ვ.მ.-მ გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო, ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჰ.ვ.მ. ჰომოფობიურ და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ლ.ჭ.-ს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, ბერლინელმა არტისტმა, DJ Phase Fatale-იმ სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ თავდასხმაზე იმ კლუბის დაცვის წევრი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.

 

ავტორი: Prime Time

X