
ორი პირი, რომელთაც დღეს ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთი ოჯახის წევრები არიან,- ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფიცირებულია 40 წლის დედა და ათი წლის შვილი. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია.
„ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს კოვიდ–19–ზე. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან, დედა–შვილი. დედა 40 წლამდე, ბავშვი 10 წლამდე ასაკისაა.
ისინი რამდენიმე დღის წინ გადმოვიდნენ თურქეთის რესპუბლიკიდან და იყვნენ განთავსებულნი საკარანტინო ზონაში. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა. ისინი ხუთი დღის გადმოსულები არიან.
შემოსვლის დღეს ჩაუტარდათ სკრინინგი, მაგრამ არაფერი აღენიშნებოდათ. დღეს დაუდგინდათ ტემპერატურა, იქნა აღებული მასალა და ვირუსიც დადასტურდა. ისინი გადაყვანილი არიან „მედ ალფას“ კლინიკაში“,– განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 218 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- სულ გამოჯანმრთელებულია 50 ადამიანი.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
ავტორი:მარიამ ხითარიშვილი






















