
ბათუმში დილიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. იყო დაძაბულობა რამდენიმე უბანზე, სადაც დამკვირვებლების ნაწილის პროტესტი ჯერ ბიულეტენების დათვლის პროცესს, შემდეგ კი მათი ინფორმაციით ამომრჩევლის ნების კონტროლის მცდელობას მოჰყვა. ისმოდა ურთიერთბრალდებები მხარეებს შორის.
ცოტა ხნის წინ დააფიქსირეს საკუთარი არჩევანი როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა.
ბათუმის მერობის კანდიდატი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კირთაძე ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დღეს ამომრჩევლის აქტიურობა იყოს მაღალი, ვინაიდან მისი შეფასებით, დღევანდელი არჩევნების მნიშვნელობა სცდება მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს.
ბათუმის მერობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ არჩევანი უკეთესი ბათუმის სასარგებლოდ გააკეთა და ხმა მისცა განვითარებასა და ევროპულ მომავალს, მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამომრჩეველი წარსულში დაბრუნებას არ დაუშვებს.
ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















