
ბათუმში მიკროავტობუსების მომსახურება დროებით შეჩერდა. პრობლემები შეიქმნა აჭარის მუნიციპალიტეტებში განსაკუთრებით კი სოფლებში. ხელვაჩაურში სოფლის მაცხოვრებლებს, ცენტრალურ გზებზე უწევთ ფეხით გამოსვლა, რათა ავტობუსებით ისარგებლონ. ადგილობრივების თქმით, ავტობუსები გადავსებულია და რისკები წარმოიქმენება.
„აქამდე რატომღაც არ მინერვიულია, ბათუმში მხოლოდ ერთი პაციენტია ინფიცირებული და პანიკაც არ იყო ხალხში. დღეს რატომღაც დავითრგუნე, სამარშუტო ტაქსების მოძრაობის შეწყვეტამ ცოტა დამაფრთხო და ხალხის ურჩობამ, თვითიზოლაციაზე… რა გარანტია მაქვს, რომ ისინი, ვინც თვითიზოლაციაში უნდა იყვნენ სადმე არ მგზავრობენ ამ წამს? ყველანაირად თავს ვარიდებ მგზავრობას და ყველას ამას ვურჩევ!“, – განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლიკა ვასაძე
როგორც „პრაიმტაიმს“ ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების უფროს ემზარ ქავჟარაძემ განუცხადა, ავტობუსები სრული დატვირთვით მუშაობს.
„ვაკონტროლებთ ბათუმის მუნიციპალიტეტის მოძრავ ადგილობრივ საქალაქო სამგზავრო გადაყვანას, რომელსაც 6 კომპანია ემსახურება. სულ 600 მიკროავტობუსი მოძრაობდა ყოველდღიურად ქალაქის ტერიტორიაზე. აქედან საქალაქო 250 მიკროავტობუსი. როდესაც რეკომენდაცია მოძრაობის შეწვეტის შესახებს მძღოლებს გავაცანით, ისინი გაგებით მოეკიდნენ და დღეიდან ყველა საქალაქო სამარშუტო ტაქსმა შეწყვიტა მუშაობა. გადადგილება ხდება მუნიციპალური ავტობუსებით. ამჟამად ავტობუსები მუშაობს სრული დატვირთვით“, – განაცხადა ემზარ ქავჟარაძემ.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















