
ბათუმში სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდა. ყველა ტაძარი დაკეტილი იყო. გადაწყვეტილება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ უწმინდესთან შეთანხმებით მიიღო.
სააღდგომო ღვთისმსახურება კი ეპარქიაში შემავალ ტაძრებში დღეს დილით 7 საათზე დაიწყო. დაცული იყო ორმეტრიანი დისტანცია მრევლს შორის, ზიარებისას გამოყენებული იქნა ერთჯერადი ჭიქები.
,,სადღესასწაულო მსახურება 7 საათზე დაიწყო. რათა არ დარღვეულიყო კანონი და მოსახლეობას არ ჰქონოდა პრობლემები კომენდანტის საათთან დაკავშირებით. წირვა ყველა იმ რეკომენდაციების დაცვის გათვალისწინებით ჩატარდა რასაც ჯანდაცვის სამინისტრო გვკარნახობს“- განაცხადა იოანე გორელიშვილმა.
შეგახსენებთ, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ყველა ტაძარში სააღდგომო ლიტურგიის დროს პირბადეები დარიგდა.
ასევე, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 17 აპრილის 12 საათიდან, 21 აპრილამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება იკრძალება.
დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
ცნობისთვის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული.
ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
აკრძალვები შეეხო ეკლესიასაც. რის გამოც საქართველოს პატრიარქმა განაჩინა, რომ წირვა-ლოცვა ჩატარდეს ღია ცის ქვეშ.
ტაძრების ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ კომენდანტის საათის გამო, სააღდგომო ლიტურგია დილით ჩატარდეს.
15 აპრილს, მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტა!






















