19:15 | 2020-10-18 ავტორი: Prime Time

„ბავშვები ავად არიან, ექიმისათვის არ მიგვიმართავს, იქით არ დაგვაინფიცირონ“ – კახეთში ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი მაღალი

„ბავშვები ავად არიან, ექიმისათვის არ მიგვიმართავს, იქით არ დაგვაინფიცირონ“ – კახეთში ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი მაღალი

სასკოლო და ბაღის ასაკის ბავშვების გახშირებული ავადმყოფობის მიუხედავად, თელავის ბავშვთა საავადმყოფოში, ექიმთან მიმართვიანობა, შეუსაბამოდ დაბალია.

 

ბავშვთა პოლიკლინიკის დირექტორი, თამილა თეიმურაზიშვილი, „პრაიმტაიმთან“” საუბარში ადასტურებს, რომ მიმართვა სეზონის შესაბამისი არ არის.

 

„მეც მიკვირს ასეთი ვითარება, რადგან, ყოველწლიურად, ამ დროისათვის უკვე ბევრი ბავშვი მოგვმართავდა. კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე, სულ გვაქვს შიში, რომ უბნებზე ავადმყოფები არ გაგვეპაროს. მიზეზს ვერ ვხსნი, რატომ არ მოდიან და თავს რატომ გვარიდებენ. შესაძლოა, ზოგიერთ მშობელს ეშინოდეს, მაგრამ ხომ შეიძლება კორონა ვირუსით ინფიცირების შემთხვევა იყოს, უფრო საშიში არ არის?- განაცხადა თეიმურაზიშვილმა.

 

სკოლებსა და ბაღებში მოსწავლეთა ავადმყოფობა გახშირებულია. ამას სასწავლო და საღმზრდელო პროცესში მონაწილე ბავშვთა შემცირებული რაოდენობაც ადასტურებს.

 

თელავის ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ლუარსაბიშვილი ამბობს, რომ საბავშვო ბაღებში, რეგისტრირებულ აღსაზრდელთა მხოლოდ ნახევარი გამოცხადდა.

 

თელავის ერთ- ერთი საჯარო სკოლის დირექტორი, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ავადმყოფობის გამო, სასწავლო პროცესს ბევრი მოსწავლე აცდენს.

 

„მშობლები დამრიგებლებს ატყობინებენ, რომ ბავშვი ავად არის და ვერ მოვა. კორონა ვირუსის შიში ცალკე მუშაობს. მასწავლებლები პროგრამას ნელა მიჰყვებიან, რომ ჩამორჩენა არ მოხდეს“ – ამბობს დირექტორი.

 

„პრაიმტაიმი“ იმ მშობლებს დაუკავშირდა, რომლებმაც ავადმყოფობის გამო, შვილი სკოლაში არ მიიყვანა. ერთ-ერთი სკოლის მოსწავლის მშობელი, თეონა ლატაური ამბობს, რომ ბავშვს სიცხე და ყელის ტკივილი ჰქონდა, მაგრამ ექიმისათვის არ მიუმართავს.

 

„ექიმთან არ წავსულვართ. ჩავთვალე, რომ გაცივდა და შეგვეძლო ჩვენი ძალებითაც გვემკურნალა. არც კორონა ვირუსზე ტესტის გაკეთება მიფიქრია. გარდა ამისა, საავადმყოფოში მისვლაც მეფიქრება, სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობაც შესაძლოა საშიში იყოს, რამდენი ექიმია უკვე ინფიცირებული- თქვა ლატაურმა.

 

კიდევ ერთი მშობელი, მანანა ჯაშიაშვილი, ამბობს, რომ მისი შვილის კლასის თითქმის ნახევარს ყელის ტკივილი და ტემპერატურა აღენიშნებოდა. „ჩემიც ავად იყო და ბევრი მის კლასში, ახლაც ცუდადაა. საერთო ჯგუფები გვაქვს, სადაც მშობლები ვწერთ ხოლმე და უმრავლესობა წერდა, რომ ბავშვები ავად არიან. ექიმისათვის არ მიგვიმართავს, იქით არ დაგვაინფიცირონ- თქვა ჯაშიაშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთის რეგიონში, დღემდე, კოვიდ- 19-ით, 21 ბავშვი დაინფიცირდა.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, კორონა ვირუსით, ბავშვთა ავადობის მაჩვენებელი, კახეთში, მაღალია.

 

„ბავშვთა ავადობის ასეთი მაჩვენებელი, მაღალია. ინფიცირებულთა შორის, ცხრა თვის ჩვილიც იყო და ერთი სკოლის ხუთი მოსწავლეც, რომელთა გამოც სკოლა, დღემდე სწავლების ონლაინ რეჟიმზეა გადაყვანილი. არცერთი შემთხვევა რთულად არ მიმდინარეობდა, მაგრამ მე ვურჩევდი ყველა მშობელს, სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ექიმს და დაიცვას ოჯახის უფროსი წევრები“ – განაცხადა ხიზანიშვილმა.

 

დღევანდელი მდგომარეობით, კახეთში, კორონა ვირუსის 147 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ავტორი: Prime Time

X