
მთავრობის ადმინისტრაციასთან შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით მოქალაქეები შეიკრიბნენ. აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ რესტორნების, სასტუმროების და სხვადასხვა დაწესებულებების წარმომადგენლები.
მშობლების სახელით კი აქციის მონაწილეებს ყოფილმა ტელეწამყვანმა, ხატია სიჭინავამ მიმართა, რომელიც აქტიურად ითხოვს შეზღუდვების მოხსნას.
„მე ვიყავი ის, ვინც პირველი ტალღის დროს ჩაიკეტა სახლში და ცდილობდა დაეცვა შვილები ამ პანდემიისგან, თუმცა გავიდა უკვე ერთი წელი და ყველა მივხვდით, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ძალით ზრუნვას, ჯობია თვითონ ვიზრუნოთ ჩვენი შვილების მომავალზე.
ამ მთავრობას გამორჩა, რომ პანდემიის გარდა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა ბავშვების ძალიან სავალალოა.
რა ხდება ახლა – 5-დან 15 წლამდე ბავშვებში ფიქსირდება დეპრესიის ნიშნები. როცა კოვიდი ერთ-ორ კვირაში უკვე გაცილებულია, დეპრესიის ნიშნებს ჩვენ წლებს მოვანდომებთ, თუ საერთოდ გამოვიყვანეთ ბავშვები ამ მდგომარეობიდან, მაგრამ ეს რა თქმა უნდა, არ აწუხებს ჩვენს განათლების მინისტრს.
ყველა კერძო სკოლამ გაიარა რეგულაციები, ყველა მზად არის დაიწყოს სწავლება საკლასო ოთახებში, მაგრამ ვერ გაიარეს საჯარო სკოლებმა, რადგან ის დაფინანსება, ის 33 მილიარდი მოხმარდა არა საქმეს, არამედ წავიდა ამათ ჯიბეებში. საპირფარეშოები არის მოუწესრიგებელი, ბავშვებს არა აქვთ საშუალება დეზინფექცია გაიარონ. აი, ამიტომ ვერ იხსნება საჯარო სკოლები და არა იმიტომ რომ პანდემია მძვინვარებს, მით უმეტეს ბავშვებში, რომელბსაც ძალიან ადვილად გადააქვთ.
არ გვინდა ეს „ჰორორები“, ჩვენ გვინდა რომ ბავშვები დაუბრუნდნენ ჯანმრთელ გარემოს, წრეებს, სპორტს, განათლებას, ეს ყველაფერი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხო. მე არ ვიცი თქვენ რისი გეშინიათ – გაციების თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობის. ბავშვები უსიცოცხლო მცენარეებად გადაიქცენენ უკვე, საერთოდ აღარ უნდათ სწავლა და არც შენი ონლაინ დასწრება, იძულებულნი ვართ მშობლები რომ ძალა ვიხმაროთ, რომ როგორმე მოვანდომოთ და დაესწრონ გაკვეთილებს.
რაზე ფიქრობ მშობელო? რისი გეშინია? აქამდე ვირუსი თქვენს შვილს არ შეხვედრია? დაიცავით რეგულაციები და გამოუშვით ბავშვები ჯანმრთელ გარემოში. გახსენით სკოლები და ბაღები.
დღეს საქართველოს ყველა მოქალაქე დაზარალებულია, ამიტომ ვიდგებით ბოლომდე ერთად. გახსენით ქვეყანა! – ეს არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა“, – განაცხადა აქციაზე მყოფმა ხატია სიჭინავამ.
აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მიიტანეს სხვადასხვა პლაკატები წარწერებით – „გახსენით ქვეყნა“, „ჩამოიტანეთ ვაქცინა მალტადან“, „STOP გენოციდი“ და ა.შ.






















