
19 მარტს ოზურგეთის წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფასადზე, არასრულწლოვნებმა წარწერები გააკეთეს. ინფორმაცია და ვიდეოსათვალთვალო კამერებიდან ამოღებული კადრები და ფოტომასალა, თეატრის ადმინისტრაციამ გაავრცელა.
„მთელი დღეა ვაჭიანურებ ამ ფოტოების გამოქვეყნებას. დღეს ისევ გვატკინეს გული. ბავშვებო, რა დაგემართათ? ნუთუ თქვენ არ გიხარიათ ოზურგეთის სიმბოლოდ ქცეული ნაგებობის გალამაზება, მორთვა, კომფორტულად მოწყობა? ჯერ იყო და ქართული თეატრის დღეს „მოგვიხატეს“ თქვენმა თანატოლებმა თეატრის ქათქათა სვეტები…
ახლა შენობის საზეიმო გახსნისათვის მზადებაა და… ასე გამოხატავთ სიყვარულს? თუ კი რამ კარგია გარშემო, ის უნდა გააფუჭო? არ ვავრცელებ ამ პოსტს ზოგადად, ოზურგეთელ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალზე. გვახარებს მათი წარმატება… თქვენც ხომ მათ გვერდით იზრდებით?
ოზურგეთი გამორჩეულია იმითაც, რომ აქ სახელმწიფო პროფესიული თეატრია, თეატრი სხვა კულტურაა, სხვა სულიერება… მარტო შენობას კი არა, აქაურ მსახიობებსაც უნდა გაფრთხილება… გაუფრთხილდით და შეიყვარეთ!“, – წერია ოფიციალურ განცხადებაში.
ეს, ბოლო ორი თვის მანძილზე, ოზურგეთის თეატრში, ვანდალიზმის მეორე შემთხვევაა. 13 იანვარს არასრულწლოვნებმა, თეატრის სვეტებზე წარწერები გააკეთეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
თეატრის ტერიტორიიდან, ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით,ამოცნობილი და დადგენილია დაახლოებით 9-11 წლის ორი არასრულწლოვანი, მრავალშვილიანი, სოციალურად შეჭირვებული ოჯახიდან. ნივთმტკიცებად ამოღებულია საღებავებიც.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი
























