
ცხოვრებამ ბევრი განსაცდელი მოუყწო, მაგრამ მაინც ბედნიერია. ცხოვრებისეულ პრობლემებს, 7 შვილის სიყვარული ატანინებს. ძალიან უჭირს, საკვები უფასო სასადილოდან მოაქვს და ყოველ დღე დილემის წინაშე დგას, როგორ ამყოფინოს სამი ლიტრი წვნიანი და ოთხი პური შვილებს. დღეს დელისზე, მუყაოს „სახლში“ ცხოვრობენ…
წლების წინ თამარ ბიძინაშვილის ქმარი ავარიაში მოჰყვა და რამდენიმე წელი მუშაობა აღარ შეეძლო. 6 წელი თაბაშირში გაატარა.
მაშინ, როცა დათო შრომისუუნარო გახდა, თამარი შვილებთან ერთად ჯართს აგროვებდა, ასე გაჰქონდათ თავი…
ბიძინაშვილების უმძიმეს ისტორიას, ერთ-ერთი ფონდი ავრცელებს…
„იყო დრო, როცა სიცოცხლე აღარ მინდოდა… ჩემი ქმარი ავარიაში მოჰყვა და მუშაობა აღარ შეეძლო; ექვსი წელი თაბაშირში გაატარა. დათო მაშინ ძალიან პატარა, – ორი თუ სამი წლის იყო. მამამისს ვუტოვებდი და უფროს შვილებთან ერთად ჯართის მოსაძებნად მივდიოდი. პაატა რვა წლის იყო, ლიზი – ექვსის. ლითონის ნაჭერს რომ ვიპოვიდით, სახლში მოგვქონდა; მამა მას პატარა ნაჭრებად პირდაპირ ლოგინიდან ჭრიდა, მე კი ამ ყველაფერს ჩანთაში ვაწყობდი და ჩასაბარებლად მიმქონდა. საშინლად მძიმე იყო, მაგრამ როგორღაც გავძელით… მერე ნაქირავები ბინიდან გამოგვყარეს და ბავშვებთან ერთად მანქანაში ვცხოვრობდით, ღამესაც იქვე ვათენებდით. კოშმარი იყო! მაგრამ ყველაზე დიდი საშინელება ეს არ არის…
წარმოიდგინეთ, რომ ბავშვების გამოსაკვებად ფული არ გაქვთ, არც საცხოვრებელი გაქვთ და შვილებს გართმევენ. მათ შესახებ არაფერი იცით; არ იცით სად არიან და ვერც პოულობთ… ზუსტად ასე წაიყვანეს მიმღებ ოჯახში ჩემი ტყუპები – დიანა და გიორგი. ხომ იცით, როგორი კანონები გვაქვს? მშობლებს ეუბნებიან, რომ მათ საკუთარი შვილების მოვლა არ შეუძლიათ და ბავშვები უცხო ოჯახში მიჰყავთ, რომელსაც ფულს უხდიან. მაგის ნახევარს მაინც მშობლებს რომ უხდიდნენ, გგონიათ ისინი თავიანთი შვილებისთვის ნორმალური პირობების შექმნას ვერ შეძლებდნენ? მოდი ამაზე აღარ გვინდა… მთავარია, ახლა ყველანი ერთად ვართ და კარგად ვართ.
შეიძლება ითქვას, ჩვენი სახლი მუყაოსგან არის დამზადებული… კეთილი ხალხი დაგვეხმარა: მღვდლები, მრევლი… თითო აგური და თითო ფიცარი მოჰქონდათ და ორი ოთახი შეგვიკრეს. სიღარიბე იმას არ ნიშნავს, რომ სიბინძურეში უნდა იცხოვრო. ჩემთვის მთავარია, რომ ბავშვებს ეს კარგად ესმოდეთ. ყველა მდიდარი ვერ იქნება, მაგრამ ადამიანები უნდა იყვნენ! ყველაფერი, რასაც აქ ხედავთ, ნაგავსაყრელიდან არის. ვინმე რამეს თუ გადააგდებს, ვიღებთ, ვრეცხავთ, ვაკეთებთ და აგერ – კარადა და კომოდები გვაქვს.
ჩემი შვილებისთვის უფალს ყოველდღე მადლობას ვწირავ… და არავინ გაბედოს იმის თქმა, რომ: „ღარიბები თუ არიან, რას აჩენდნენ?“ დიახ, ფული იმისთვისაც კი არ გვაქვს, რომ ნორმალურად ვიკვებოთ, მაგრამ მითხარით, რომელი არ უნდა გაჩენილიყო? რომელია ზედმეტი?! სამწუხაროდ, ყველა ასე არ ფიქრობს. ზოგჯერ თავსაც კი გვარიდებენ; ზოგჯერ ბავშვებს მათთან თამაში არ უნდათ… ყველაფერი ხდება… მაგრამ მე მათ სულ იმას ვეუბნები, რომ გული არ უნდა გაიტეხონ, რადგან ჩვენ ერთმანეთი გვყავს და ჩვენ ყველაზე მეგობრული და მხიარული ოჯახი ვართ… და მაშინაც კი, როცა ძალიან გვშია ან შიმშილისგან მუცელი გვტკივა, მუსიკას ვრთავთ და ვცეკვავთ!
გვჯერა, რომ „პრაიმტაიმის“ მკითხველი ამ ოჯახს გასაჭირში არ მიატოვებს. თამარს და მის შვილებს ბევრი რამ სჭირდებათ, განსაკუთრებით კი საკვები. ასევე, ოჯახს სჭირდება, საწოლები, თეთრეული და ტანსაცმელი; მაცივარი და გაზქურა კი მათ ყოფას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















