
ახალციხეში, რაბათის უბანთან მოტოციკლის დაჯახების შედეგად დაშავებული 8 წლის ა. ა.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
მოზარდი თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს. სამედიცინო დაწესებულების მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე განმარტავს, რომ 8 წლის ბიჭის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ის ამჟამად იაშვილის კლინიკაშია მოთავსებული.
როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, მოზარდს დაზიანებები თავისა და ფეხების არეში აქვს მიღებული.
„ბაიკერი 100 კმ სიჩქარით მოდიოდა, ბავშვს დაზიანებული აქვს თავი და ფეხები. ძალიან მძიმე მდგომარეობააო, გვითხრეს. შეჯიბრის თბილისელი მონაწილე დაეჯახა. თვითმხილველებმა როგორც გვითხრეს, ბავშვის ბრალი ყოფილა, თვითონ გაქცეულა,” – ამბობს ოჯახის ნათესავი.
შეგახსენებთ, შემთხვევა ახალციხეში დღეს, 6 სექტემბერს მოხდა. ბაიკერთა გამართულ შეჯიბრებაზე, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლუბი მონაწილეობდა.
შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ავტორი: რუსკა გვარამაძე























