
ალბათ, ასამდე ფილმშია გადაღებული, ყველგან დასამახსოვრებელი სახეები აქვს შექმნილი. მთავარი თუ ეპიზოდური, მნიშვნელობა არ აქვს, ყველგან დიდ შთაბეჭდილებას ახდენს.
ფილმში “სიყვარული ყველას უნდა”, მისი გმირი, ბერტა ხაფავას პერსონაჟის ქმარია. სმა უყვარს და ცოლს ამის გამო სულ კონფლიქტი აქვს მასთან. ამ ფილმის კომიკური სცენებიდან, ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ამ წყვილის სცენებია.
ბერტა თავის მეგობარს იხსენებს…

ბერტა ხაფავა: – საწყალი გიორგი შენგელაია გვიღებდა. ყველაფერი აგვიხსნა, რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. სადღაც ამაძვრინეს, ჩამოვეკიდე, კახი ქვევით იყო, ეზოში. თავიდან ღორებმა კინაღამ ჩამომაგდეს. რვა დუბლი გადავიღეთ. ხელები სულ დატყავებული მქონდა. ხან ვერ ჩამოვვარდი, ხან კარგად ვერ გავუშვი ხელი, ისე ვერ დავვარდი, როგორც საჭირო იყო. სანამ გიორგიმ თავის სასურველ კადრს არ მიაღწია, თავი არ დაგვანება. კახი ქვევით ნერვიულობდა, არ გადმოვარდეს, ამდენს ნუ აწვალებთო, გაჰყვიროდა. მაგრამ ბოლოს რომ გადავიღეთ იქაური მეზობლების ტაშიც დავიმსახურეთ.
მეორე სცენაში, ღამით, მთვრალი რომ შემოვარდება, პირველ დუბლში კედლიანად დამეცა თავზე. პავილიონი შუაზე გადაიხსნა. ძალიან ახოვანი და ძლიერი იყო ახალგაზრდობაში. ჰოდა, რომ შემოვარდა, ჩვენი პავილიონი გადაიხსნა და გადაიფურჩქნა. მერე დააწებეს და გადავიღეთ. მერე უკვე ფეხებს აღარ ურტყამდა კარს. ისე შემოვარდებოდა და საწოლზე ვარდებოდა.
გადაღებების შემდეგ რესტორანში ვსადილობდით. მე ცხარე წიწაკები მქონდა წაღებული და სადილზე მე და კახი ამ გრძელ წიწაკებს ვახრაშუნებდით. გოგონებმა ჩაკბიჩეს და იკივლეს, ეს რა გვაჭამეთო.

სტუდენტობის შემდეგ რუსთაველის თეატრში რომ მივედი, არ დამხვდა. გადაღებაზე იყო. კახი, კახიო, მესმოდა. და ერთხელაც მოვიდა მშვენიერი, აშხვართული, სიმპათიური ბიჭი! ძალიან შეყვარებული იყო თეატრზე. სულ ძალიან მაგრად მუშაობდა.
ბელას მიმართ ისეთი სიყვარული ჰქონდა, მე მსგავსი არ გამიგია. სხვა ქალისკენ არც გაუხედავს. უკრაინაში ვიყავით გადაღებაზე. ფილმში “მეფეები და კომბოსტო” გვიღებდნენ. ბელა უკვე ავად იყო. კახი სიმპათიური და ახოვანი… და უკრაინელი გოგონები ზედ ახტებოდნენ, ძალიან მოსწონდათ. ნიკოლაი კარაჩენცევიც იქ იყო, მაგრამ კახიზე იყო მოთხოვნა. გვერდზე არ გაუხედავს, ბელას ეწყინებაო… გულს როგორ ვატკენ, არავითარ შემთხვევაშიო…
ხელით ატარა ბოლომდე. მერე გულით. თეატრში, სახლის კიბეზე – ყველგან ხელით დაყავდა.
იმდენი რამ გადახდა, მე მიკვირს, აქამდეც რომ მოვიდა და იცოცხლა. ძალიან უყვარდა დედა. სხვანაირი დედაშვილობა ჰქონდათ, კახის და იმერის კი – განსაკუთრებული ძმობა.
ყველაზე დიდი ხნით, ბოლოს გივის დასაფლავებაზე ვნახე. საშინლად განიცადა მისი წავსლა. ბავშვივით იდგა და ტიროდა.
ეეჰ, ახლობელი და შინაური დავკარგე.






















