
ბელარუსის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის „ვესნას“ ინფორმაციით, დედაქალაქში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ერთი ადამიანი დაიღუპა.
ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მამაკაცს სპეცტექნიკამ გადაუარა.
უფლებადამცველების თქმით, საავადმყოფოებში ათობით დაშავებულია მოთავსებული. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია 213 მოქალაქე.
მინსკში მასობრივი აქციები, მას შემდეგ დაიწყო, რაც საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები გახდა ცნობილი. სამართალდამცველებმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ბელარუსის საგამოძიებო კომიტეტმა მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა, რომელიც მასობრივ არეულობებს და პოლიციელების მიმართ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ასევე, ბელარუსის ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 80,23%-ით იმარჯვებს.






















