
დღეიდან რეგულაციების ახალი ტალღა ამოქმედდა, რომელიც გულისხმობს შეზღუდვების დაწესებას სოციალურ ღონისძიებებზე, ასევე იკრძალება ღამის კლუბების მუშაობა.
ამასთანავე აღსრულების მექანიზმი იქნება გაძლიერებული. ამის შესახებ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რეკომენდაციების არ დაცვის გამო 70-მდე ობიექტი დაჯარიმდა.
„პროცესის კონტროლის მექანიზმში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ეთხოვათ და დაევალათ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს. ჩვენ ერთობლივად გავმართეთ საკოორდინაციო შეხვედრა. კოორდინაციას გავუწევთ და დავამენეჯმენტებთ მომდევნო დღეების განმავლობაში, აქტიურად მოხდეს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულება.
ეს არია კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენ ბოლო დღეებში ვხედავთ, რომ ფიქსირდება საკმაოდ მაღალი რაოდენობა ინფიცირებული ადამიანებისა და აჭარის რეგიონი მეტად საყურადღებოა. ამიტომ თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, ნებისმიერ ბიზნესსუბიექტმა, მოქალაქემ აიღოს პასუხისმგებლობა და შეგნებით მოეკიდოს ამ პროცესს, მათზეა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
აღსრულების ნაწილი არის გასაძლიერებელი და სწორედ ამიტომ ვარ აქ. დარღვევები შეიძლება იყოს სხვადსხვა ადგილას, სადაც ადამიანების თავშეყრაა. ეს შეიძლება იყოს კვების და განთავსების ობიექტები. მათ შორის ქსელური მარკეტები.
შევაფასეთ რისკები და მივიღეთ გადაწყვეტილება მკაცრად შემოწმდეს ობიექტები. ჩვენ მკაცრად ვიყენებთ მობილიზებას, რომელსაც წინ უძღვოდა არაერთი გაფრთხილება.
70-მდე ობიექტი მრავალგზის გაფრთხილების შემდგომ დაჯარიმდა. მივედით იმ კრიტიკული აუცილებლობის წინაშე, რომ გამოვიყენოთ საჯარიმო სანქციები.
რაც შეეხება რესურს, წარმოდგენილია სხვადასხვა უწყებები და გვაქვს საკმარისი რესურსი რომ მოვიცვათ და შევამოწმოთ ის ობიექტები, სადაც ფიქსირდება ადამიანთა მასიური თავშეყრა. სამწუხაროდ, ვნახეთ რომ მასშტაბური, ხალხმრავალი ღონისძიებები იმართებოდა, სახელმწიფო მიესალმება, ზოგადად ადამიანების ქორწინებას, მაგრამ ახლა, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი რომ მსგავსი ღონისძიებები ჩატარდეს“,- განაცხადა ფერაძემ.
მისი თქმით, ბათუმშიც დაჯარიმებულია რამდენიმე ობიექტი. ჯარიმა იურიდიული პირისთვის 10 000 ლარია, ფიზიკურისთის კი 2 000, განმეორებითი ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ბექა ფერაძის თქმით, მაქსიმალურად ხდება სასწავლო დაწესებულებების შემოწმება. მისი თქმით, 820 სკოლას უფლებამოსილება მიენიჭა, რომ 15 სექტმებრს განაახლონ სასწავლო პროცესი.
ავტორი: ნაირა ქობულაძე

























