00:51 | 2020-12-17 ავტორი: Prime Time

ბერძნული ღამეების სევდა – გაიცანით ახმეტელი ემიგრანტის ფერადი შემოქმედება

ბერძნული ღამეების სევდა – გაიცანით ახმეტელი  ემიგრანტის ფერადი შემოქმედება

ნინა წიკლაური 13 წელია ემიგრაციაშია. ოჯახში შექმნილმა ეკონომიკურმა პრობლემებმა, ის ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნიდან, შორეულ საბერძნეთში წაიყვანა. ნინა „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ სამშობლოსა და შვილებთან დიდი ხნით  დაშორებას, საკუთარი ხელსაქმე ატანინებს.

 

„ვერ აღგიწერთ რა ძნელია, უცხო ქვეყანაში, შვილებისგან შორს ყოფნა. ფიქრებში გართულს, რამდენჯერ მომეპარება – ხოლმე დილა. ამ დარდს,  ჩემი საქმე მატანინებს. დავჯდები და უსასრულო ბერძნულ ღამეებს, ქარგვაში ვატარებ“- ამბობს ნინა.

 

ემიგრანტ ქალს სპეციალური განათლება არ აქვს. ის თვითნასწავლია და საკუთარ უნარს, ბებისგან მემკვიდრეობით დანატოვრად თვლის.

„ბებია მყავდა მთიული და შემოქმედებითი უნარების მქონე. ხელსაქმე მისგან ვისწავლე და მეც 13 წლის ასაკიდან ვქარგავ. ჩემი ნამუშევრები შვილებივით მიყვარს და ყველას თავისი უძილო ღამე აქვს. ვერ გეტყვით, როგორ ვქარგავ, თავისით მოდის,ფერიც და ნახაზიც“, -გვიყვება ნინა.

 

ემიგრანტი ქალი ამბობს, რომ ბერძნებს  ქართველი ქალის  ნამუშევრები მოსწონთ და მისი ნიჭის მიმართ, განსაკუთრებულ ინტერსს იჩენენ.

 

„ბერძნები თავადაც ნიჭიერი ხალხია. მოსწონთ ჩემი ნამუშევრები. მხოლოდ რამდენიმე გავყიდე, ამერიკელები იყვნენ აქ ჩამოსულები. მენანება  გასხვისება, თითოეული ნამუშევარი, სამშობლოსა და შვილების მონატრებითაა შექმნილი“, – ყვება ემიგრანტი.

ნინა წიკლაური ხელით ჩანთებსაც ქსოვს და უჩვეულო ნამუშევრებს ახლობლებს ჩუქნის.
თვითონ ამბობს, რომ ყველაზე მეტად, სამშობლოში დაბრუნება ენატრება, სადაც საკუთარ საქმეს, უფრო დიდი ხალისითა და სიყვარულით გააგრძელებს.

 

„დიდი იმედი მაქვს, ოდესმე ჩემს ქვეყანაში  დავბრუნდები. ალბათ, დარდისა და სევდის გარეშე, ყველა ადამიანი უფრო ნაყოფიერად მუშაობს და სასწაულებს ქმნის. არ მეგულება ემიგრანტი, რომელსაც სამშობლოში დაბრუნება არ უნდა“, – გვეუბნება ნინა და დარწმუნებულია, რომ მისი ყველაზე საუკეთესო ნამუშევარი, სწორედ საქართველოც ცის ქვეშ მოიქარგება.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X