10:59 | 2021-04-21 ავტორი: Prime Time

ბესო ზანგური თეა წულუკიანს პასუხობს

ბესო ზანგური თეა წულუკიანს პასუხობს

მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და მომიწოდა თეატრის დატოვებისკენ, – ასე ეხმაურება მსახიობი ბესო ზანგური კულტურის მინისტრის განცხადებას.

 

“სიმართლე რომ გითხრათ, თეატრს ეს განცხადება რომ არ გაეკეთებინა, მე თავად არ დავდგებოდი სცენაზე, სანამ სრულად არ დამტკიცდებოდა ჩემი უდანაშაულობა. თეატრმა ეს განცხადება გააკეთა, მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა მომიწოდა, დავტოვო თეატრი, თანაც სასწრაფოდ! არადა, მთელ სოციალურ ქსელში, მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ, ვინც მიულოცა თეა წულუკიანს კულტურის მინისტრად დანიშვნა და მართლა გულწრფელად გამიხარდა.

 

კულტურის სფერო არის სენსიტიური, ძალიან რთულია ამ სფეროს მართვა, სხვანაირი ადამიანები ვართ, ცოტა მოწყვეტილები ვართ სამყაროს, ამიტომ იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებივით არ უნდა გველაპარაკოს. გაოგნებული დავრჩი, განა მისი განცხადების გამო დავრჩი გაოგნებული, მე მივხვდი, როგორი დასაცინი გავხდებოდი, იმიტომ რომ მე მისი მხარდამჭერი ვიყავი.

 

ალბათ, სხვა გზა არ ჰქონდა და ასე უნდა ეთქვა, არ ვიცი. მე ვფიქრობ, მინისტრს არ უნდა ეთქვა ის, რაც თქვა, დაარღვია ამ განცხადებით უდანაშაულობის პრეზუმფცია. მინდა, არ მინდა, მომწონს, არ მომწონს , ქალბატონი თეა, ფაქტი ერთია, მან დაარღვია უდანაშაულობის პრეზუმფცია და მომიწოდა თეატრის დატოვებისკენ”, – თქვა ზანგურმა “ალიასთან”.

 

მაყაშვილი-ზანგურის სკანდალის შემდეგ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ “კარგი იქნება, თუ ბესო ზანგური დღესვე, სასწრაფოდ დატოვებს თეატრს”.

 

წულუკიანის აღნიშნული განცხადების შემდეგ რობერტ სტურუამ მსახიობი ყველა როლიდან ჩახსნა.

 

ავტორი: Prime Time

X