
მე თუ შეყვარებულმა ოდესღაც მაწყენინა, გამოვდგე და ახლა ვილაპარაკო ამაზე? მოვითხოვო, დასაჯეთ და გააგდეთ-მეთქი? ხედავთ, ამან რამხელა აგრესია გამოიწვია, არ შეხვიდეთ რუსთაველის თეატრში, არ იყიდოთ ბილეთებიო, – ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე „ფორტუნასთან“ საუბრობს.
„მერე აქედან გამწარებულმა რობიკომ უპასუხა. უკვე ყველანაირი ეტიკეტი დაირღვა. ვერ ხედავთ, რომ ამ ქვეყანაში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები ერთმანეთს დააპირისპირონ?! მერე იქ ვიღაც X რეჟისორი დაწერს რაღაცას, მერე მეორე, ეს ნორმალურია?
ახლა ბესო ზანგურზე კი არა, რობიკო სტურუაზე ვსაუბრობ. ის არის ერთი და არის ერის სიამაყე. რობიკომ როგორც გაიტანა ამ ქვეყნიდან ქართული თეატრი, ამას რაღაცნაირი გაფრთხილება სჭირდება. თქვენ ხომ არ გავიწყდებათ, რამდენი წლისაა ის?! ამდენი ბოღმის ნთხევისა და შეურაცხყოფის მერე რამე რომ მოუვიდეს? ისიც ხომ ადამიანია… ამიტომ არ მესმის პოზიცია, რატომ ვლაპარაკობთ „ფარულ კონვერტში“ 11 წლის მერე? მორჩა! ეს შემიძლია დაგიდასტუროთ. აქამდე არ გამიკეთებია კომენტარი, ვიღაცები წერენ ჩემ მაგივრად. მე გიდასტურებთ, რომ არ მომწონს გულგაგლეჯილი აღსარებები „ფარულ კონვერტში“.
სხვათა შორის, ამ გადაცემაში მეც მივედი. ჩემს კონვერტში ძალიან მსუბუქი რამ ეწერა, მაგრამ მე არ გავხსენი და არ ავიღე ის 5000 ლარი, რადგან მიმაჩნია, რომ არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება. შეიძლება ისაუბრო ისე, როგორც მე ვისაუბრე, მაგალითად, ჩემს პირველ სიყვარულზე და სხვა თემებზე, მაგრამ კონვერტი არ გამიხსნია, არ მითქვამს იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვისზეც იქ იყო საუბარი.
ძალიან კარგად ვიცნობ მაყაშვილების ოჯახს. ძალიან კარგი გოგონები არიან და დედაც ძალიან კარგი ჰყავთ. როგორც მე ვიცნობ, ისინი არ არიან რაღაცების მომთმენები, ძალიან ძლიერი ქალები არიან. აბა, გაებედა ჩემს რომელიმე ქმარს, ან პირველს, ან მეორეს ასეთი რაღაცა? ნახავდა ერთი, რასაც ვუზამდი, ან ერთს, ან მეორეს. ამდენ ხანს არ გავჩერდებოდი. არ მესმის ასე გაჩერება შვილის გამო და სხვა მიზეზების გამო. არ არის დღეს ასეთი სიტუაცია და არ იყო არც 11 წლის წინ. ყველამ იცის ეს, მით უმეტეს, მაყაშვილების დედამ, თუკი მამაკაცმა ერთხელ დაუშვა ეს საშინელება, მეორედაც გაიმეორებს. მამაკაცს არ უნდა მოუთმინო ერთი გადაბრუნებული სიტყვაც კი. მით უმეტეს, ხელით შეხება. მაგრამ ამდენი წელი გავიდა და ამაზე ვილაპარაკოთ, რა არის ახლა ეს? ჩემთვის მიუღებელია კონვერტით ამის გამხელა. რა შუაშია ფულიო. აბა, რა არის შუაში, ვერ გავიგე?! გულახდილობა მაინცდამაინც ია ფარულავასთან?!
არ მესმის რუსთაველის თეატრის და რობიკო სტურუას ლანძღვა. კოლეგები ერთმანეთზე როგორ წერენ ასეთ რაღაცებს? თავიანთ ოჯახებსა და ურთიერთობებში ჩაიხედონ და მერე ლანძღონ რობიკო სტურუა. ის არის ერის ღირსება, უდიდესი მოვლენა და ამას ვერავინ წაშლის. ნუ იწვევენ ამ ადამიანს…“, – ამბობს დოლიძე.
























