15:57 | 2020-04-17 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ბიჭი, რომელიც გარეგნობით იესოს დაემსგავსა, სიკვდილს ებრძვის

ბიჭი, რომელიც გარეგნობით იესოს დაემსგავსა, სიკვდილს ებრძვის

ბექა ელისაბედაშვილი წლების წინ ჩემი რესპონდენტი გახლდათ, მაშინ მისი მხატვრობის უბადლო ნიჭზე ვწერდი. საუბრისას თავად გამიმხილა, რომ ფსიქიატრიულ კლინიკაში უწევდა ხშირად მკურნალობა. ჩვენი ინტერვიუდან რამდენიმე თვის შემდეგ დამირეკა და მითხრა: – ახლა დავბრუნდი კლინიკიდან, მკურნალობის კურსი ჩავიტარე და იქ ყოფნის დროს, დიქტოფონზე ჩემნაირი ადამიანების ინტერვიუები ჩაგიწერე, ვიცი, დაგაინტერესებდა და კითხვებს კი მე უკეთ დავსვამდი, რადგან მე უფრო მესმის მათიო.

 

ახლა ბექა 34 წლისაა და 2 თვეა, სიკვდილს ებრძვის, რადგან თვითმკვლელობის მიზნით საძილე პრეპარატები დალია. ექიმებმა მის გამოჯანმრთელებაზე ხელი ჩაიქნიეს.

 

ბექას და, ხატია ელისაბედაშვილი „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ  ბექას ცხოვრება ერთმა ფაქტმა მთლიანად შეცვალა.

– ბექა სრულიად ჯანმრთელი და ჩვეულებრივი ბავშვი დაიბადა. ხატვის ნიჭი მამისგან გამოჰყვა და ადრეული ასაკიდან ხატავდა.

 

ბევრი მეგობარი ჰყავდა და ძალიან უყვარდა მათთან ყოფნა. ერთხელაც, უკვე მოზრდილს (18 წლის იყო), მეგობრებმა მარიხუანა მოაწევინეს და ამის შემდეგ მის ცხოვრებასა და სულში ჯოჯოხეთი დაიწყო. აშკარად ფსიქიკური პრობლემები შეექმნა, უცნაურად იქცეოდა…

 

ნახატებზე არაამქვეყნიური სახეების, ფიგურების, სიტუაციების გამოსახვა დაიწყო. ამბობდა, ეს ჩემი შინაგანი სამყაროა, რასაც ვხედავ, იმას ვხატავო.

 

მივხვდით, რომ მას აუცილებლად სჭირდებოდა ფსიქიატრის დახმარება და შესაბამის კლინიკაში დავაწვინეთ. უკვე 19 წელია, მის ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის ბალანსი დაირღვა და გამუდმებით შინაგანი ბრძოლა ჰქონდა.

 

კლინიკიდან გამოსულმა, თავის ოთახში შპალერი ჩამოხია, კედლები გაასუფთავა და გაჯი, რომლითაც კედლები იყო გალესილი, ჯერ მოხატა, შემდეგ კი სპეციალური ხელსაწყოებით ამოჭრა და რელიეფურ ნახატებად აქცია.

 

ყოველ გაზაფხულზე უმწვავდებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობა და მკურნალობას საჭიროებდა. შემდეგ გამოვიდოდა კლინიკიდან დამშვიდებული, ისევ მოწევდა მარიხუანას და ისევ უმწვავდებოდა მდგომარეობა.

 

ეძებდა სამსახურს, დაიწყებდა მუშაობას, მალევე სწყინდებოდა ან ვერ ეგუებოდა იქაურ სიტუაციას და მოდიოდა. სიკეთით სავსე ადამიანია, არავის არაფერს უშავებდა, თავის თავს ვნებდა მხოლოდ.  მახსოვს, ერთხელ ნაყინის საამქროში მუშაობდა, ყოველდღიურად უხდიდნენ ფულს.  საღამოს მთელი დღის ხელფასით იქვე ნაყინს ყიდულობდა და ქუჩასა და ტრანსპორტში ხალხს ურიგებდა. ყოფილა შემთხვევები, როცა უცნობ ადამიანებს მგზავრობის ფულს უხდიდა.

 

სამსახურიდან რომ წამოვიდოდა, მერე განიცდიდა, საჭმლის ფული არ მაქვს, გათენება არ მიხარია, არაფერი მახარებსო.

 

შარშან ფსიქიატრმა სპეციალურ პროგრამაში ჩასვა. ყოველ სამშაბათს აკითხავდა სახლში ექიმების ჯგუფი, უტოვებდნენ 1 კვირის წამლებს, ესაუბრებოდნენ. ისე კარგად იყო, 1 წელი არ დასჭირვებია საავადმყოფო. ყველაზე მეტად მათი მკურნალობის შედეგი მომწონდა. მერე რატომღაც შეიძულა, ემალებოდა, – არ მოვიდნენო, ამბობდა, ისედაც კარგად ვარო. 1 კვირის წამლებს 1 დღეში სვამდა. გამუდმებით ფქსიტროპულების გავლენის ქვეშ იყო.

 

ბავშვობიდან გამუდმებით იესოს ხატავდა. თავადაც გარეგნულად მას დაემსგავსა. თმა გაიზარდა და იესოს მაგვარი ვარცხნილობა გაიკეთა. უხაროდა, იესოს ვგავარო.

 

თუმცა, ბოლოს ხატები გადაყარა, – რატომ მტანჯავ, ღმერთოო, ამბობდა თურმე. გატეხილ ჯვართა და დაკარგულ კრავთა ლეგიონიდან ვარ, ხმები მესმის, ეს ხმები მეუბნებიან, რომ თავი მოვიკლაო, ამბობდა.

 

ბოლოს თებერვალში ისევ იწვა კლინიკაში. 12 დღე გააჩერეს იქ. ეხვეწებოდა ექიმს, გამიშვიო, ექიმსაც ეცოდებოდა და არეულს უშვებდა ხოლმე. ახლაც ასე იყო, არ იყო ჯერ ბოლომდე განკურნებული და გამოუშვეს.

 

ყველა მეგობარი ჩამოშორდა, მარტო დარჩა. დაიღალა ძალიან ამ ჭიდილით და წასვლა გადაწყვიტა.

 

წინა დღეებში ფეისბუქის „ქავერზე“ ფოტო შეუცვლია და „ცელიანი სიკვდილი“ დაუყენებია, ხოლო მეგობრისთვის მიუწერია, მე მალე მოვკვდებიო.

 

21 თებერვალს კლინიკიდან გამოეწერა, 23 თებერვალს დედასთვის უთხოვია, საძილე აბები მომეცი, ჩემს ძმაკაცს არ სძინავს და უნდა მივცეო.

 

მალევე გახდა ცუდად, დედამ სასწრაფო გამოიძახა, იქვე გაუკეთეს გადასხმაც, მაგრამ 20 ტაბლეტი საძილე საშუალების დალევამ ტვინი გათიშა. ექიმებმა თქვეს, ფონი ჰქონდა ცუდი, 19 წელი ყოველდღე ფსიქოტროპულ წამლებს რომ სვამდა, თორემ  ჯანმრთელ ადამიანს რომ იგივე დოზა დაელია, გამოძვრებოდაო.

 

ახლა ბექა პალიატიურ კლინიკაშია, სადაც მისი მოვლა და ყოფნა უფასოა, მაგრამ ყველაფერი დედას მიაქვს – პამპერსი, საჭმელი, წამალი.

 

ბექა უგონოდაა, ეპილეფსია დაეწყო, ტვინის დაზიანების გამო. გამუდმებით კრუნჩხვისგან იტანჯება, დღე-ღამეში 1 საათი სძინავს მშვიდადო, ექიმი გვეუბნება. ოჯახის წევრებს ნახვის საშუალებას არ გვაძლევენ, რადგან ახლა ვირუსის გამო კარანტინია. გუშინ კი უკვე წამლებიც შეუწყვიტეს, რადგან შედეგს აღარ იძლევა პრეპარატების მიღება. ექიმმა გვითხრა, რომ ტვინის ანთება დაიწყო.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X